აქციის დაშლა პოლიციის მიერ სოფელ მახალაკიძეებში და ულტიმატუმი მთავრობას [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების  მოსახლეობის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს  შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, მისი თქმით გზის გადაკეტვით და ქუჩაში დგომით პრობლემები არ გვარდება.

ტარიელ ებრალიძე:  „მე გუშინ ვიყავი ადგილზე, მქონდა ინფორმაცია, რომ იქ იყვნენ სამართალდამცავები. მოსახლეობას ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ რეჟიმში არ შეიძლებოდა  პრობლემების მოგვარება და ეს  არ არის სამართლებრივი გზა პრობლემის მოგვარების. ქუჩაში დგომით, გზის გადაკეტვით პრობლემები არ გვარდება. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობა არღვევდა კანონს. პოლიციის მხრიდან არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუ ვინმე ამას დარბევას ეძახის, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გაიხსენონ 7 ნოემბრის აქცია.“

ტარიელ ებრალიძე მოსახლეობის მხრიდან გვირაბის შესასვლელის გადაკეტვას კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ პოლიცია იქ მხოლოდ კანონის აღსრულების მიზნით მოქმედებდა, რათა კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდა. „ისინი ამოვიდნენ იქ იმისათვის, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ყოფილიყო. მოსახლეობა არ აძლევდა საშუალებას კომპანიის თანამშრომლებს, ემუშავათ, გვირაბის შესასვლელი გზა იყო ჩაკეტილი, ეს არის სამართალდარღვევა. მე ვთხოვე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და მიეცათ კომპანიისთვის სამუშაოების ჩატარების უფლება, მაგრამ მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და პოლიციამ შიშველი ხელებით უბრალოდ იმ ტერიტორიიდან მოსახლეობა გამოიყვანა,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

გამგებელი ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი 10 აგვისტოს შუახევში იმყოფებოდა და მას ჰქონდა მოლაპარაკება მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფთან  და კომპანიის წარმომადგენლებთან.

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესტი 20 აგვისტოს შემდეგ გაგრძელდება, მანამდე კი მთავრობას აძლევენ დროს პრობლემის გადასაჭრელად. „იმ შემთხვევაში, თუ 20 აგვისტომდე ჩვენ სათანადო პასუხს ვერ მივიღებთ, 22 აგვისტოს უკვე გადავინაცვლებთ აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში და გავაგრძელებთ უფრო ფართომასშტაბიან აქციას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ავთო მახარაძე.

„ჩვენ მხოლოდ გვირაბთან მისასვლელი გზა გვქონდა გადაკეტილი. მოვიდა 50-მდე პოლიციელი და კანონს არღვევთო. ვუთხარით, რომ კანონი ვიცოდით და ამის შემდეგ გადაგვიარეს. მოგვაწვნენ უკნიდან და გაგვყარეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს,” – უთხრა „ბათუმელებს“ გუშინ აქციის მონაწილე სულხან მახარაძემ.

აქციის დაშლა გუშინ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ მოუწოდა მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი არ ჩაეკეტათ, რის შემდეგადაც მოსახლეობამ თავისივე ნებით გაათავისუფლა გზა.

მახალაკიძეების მოსახლეობამ გუშინ, 15 აგვისტოს, ჰესის მშენებლებისგან მოითხოვეს დეტალური გეოლოგიური შესწავლის ამსახველი დოკუმენტის წარმოდგენა და მშენებარე გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. მოსახლეობამ დეტალური კვლევების ჩატარება  ორი თვის წინ მოითხოვა, ვინაიდან მათი თქმით, ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
როინ გუნდაძე