მთავარი,სიახლეები

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

26.04.2016 • 1841
სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან არის თვითნებურად შესახლებული.

„ვერ გაგცემთ პასუხს, ვინ ცხოვრობს ირგვლივ. ეს არაა ამ საქმესთან კავშირში,“ – თქვა ადვოკატების საპასუხოდ ჯულიეტა მგალობლიშვილმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა. მან ასევე ვერ უპასუხა მოსამართლე თამარ ბურჯანაძის შეკითხვას – რის საფუძველზე მიეწოდებოდა ელექტროენერგია დავით ცინცაძის ოჯახს 2013 წლამდე. ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელექტროენერგიის მისაწოდებლად პირმა უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც დაადასტურებს კანონიერ საკუთრებას.

იმიტომ, რომ ყოფილი სანატორიუმის შენობა მწვანე კონცხზე სახელმწიფო საკუთრებაა, ერთ-ერთი მოპასუხე ამ საქმეში ქონების მართვის ეროვნული სააგენტოა. „სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ამ ოჯახს არ გააჩნია ქონების კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი,“ – განაცხადა სააგენტოს იურისტმა, დიანა ჭანტურიამ.

ქონების კანონიერების რა დამადასტურებელი მოწმობა არსებობდა „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში, როცა იქ თვითნებურად შესახლებულებს ელექტროენერგია მიაწოდეთ? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უპასუხოდ დატოვეს.

სოციალურ შემწეობაზე მყოფი დავით ცინცაძე ამბობს, რომ მას სამი წლის წინ სამეზობლო დავის შედეგად შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. „მეზობლად მცხოვრებმა ბერიძეებმა გამოგვირთეს შუქი, ისინიც თვითნებურად შესახლებული არიან, მაგრამ ამბობენ, ჩვენია ეს შენობა, რადგან თქვენზე ადრე შემოვედითო. მათგან მქონდა გადმოყვანილი სადენი, მას შემდეგ ნავთის ლამპაზე ვართ,“ – ამბობს დავით ცინცაძე.

-რას სთავაზობს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სამი წელია უშუქოდ იმყოფება? – ამ შეკითხვით „ბათუმელებმა“ დღეს რამდენიმე უწყებას მიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაზე ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, ხოლო ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია აჭარის საკუთრებაა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ ისინი არ გასცემენ ნებართვას საკუთრების კანონიერების შესახებ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ვერ დაეხმარებიან და ვერც შუამდგომლობას გაუწევენ თვითნებურად შესახლებულის სტატუსი მქონე ადამიანებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: