ხულოს მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები


ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის პოსტს ვახტანგ ბერიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, მთავარ კონკურენტებს, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ვახტანგ ბერიძე [„ქართული ოცნება“]  – 70,91 % [9 909 ხმა]
  • ირაკლი ჯორბენაძე [„ნაციონალური მოძრაობა“] –  23,74 % [3 318]

19 მაისის არჩევნებზე ხულოში ხმა მისცა 14 163 ამომრჩეველმა, აქედან 187 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ოლქში სულ 22 საჩივარია შესული, მათგან 18 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა, ხოლო 4 – „სამართლიანმა არჩევნებმა“.

3,63 პროცენტი მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატის სეხნიამ, ვახტანგ ბერიძემ,  რომელიც  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატი იყო. ხულოში ამბობენ, რომ მას არ ჰქონია აქტიური კომუნიკაცია ამომრჩეველთან და შესაძლოა მიღებული შედეგის მიზეზი ისაა, რომ იგი ამომრჩეველმა „ოცნების“ კანდიდატად მიიჩნია. 

ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი