მთავარი,სიახლეები

ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს

18.05.2019 • 2814
ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს

დღეს, 18 მაისს, ბათუმში უნდა გამართულიყო საჯარო ლექცია – „17 მაისი – თავისუფლების ილუზია“. ლექციის ორგანიზატორი თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ. წუხელ, ანუ 17 მაისს მათ ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ორგანიზატორის თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს მათ განუცხადა: „მთავრობის აპარატიდან უნდა ვიგებდე რა ტარდებაო“ და ბიბლიოთეკაში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობისა“ და „ანარესის აკადემის“ უკვე ჩაშლილი ლექციის მიზანი, როგორც მარიამ ქაჯაია „იდენტობიდან“ აცხადებს, იყო „კრიტიკული პერსპექტივა შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ის, თუ როგორ უნდა იქნას დანახული ქვიარ ადამიანების პრობლემატიკა.“

მარიამ ქაჯაიას თქმით, ხანგრძლივი ბიუროკრატიული ხელშეშლების მიუხედავად, მოხერხდა და ლექცია თავდაპირველად, დაახლოებით ორი კვირის წინ, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ჩანიშნა.

„რუსთაველის უნივერსიტეტიდან წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მთელს უნივერსიტეტში ჩანიშნულია სარემონტო სამუშაოები. მე შევთავაზე, რომ თუ 21-ე აუდიტორიაში არის შეუძლებელი ლექციის ჩატარება, მაშინ გამოეყოთ სხვა კუთხე, რაზეც გვითხრეს, რომ ვერ იზამდნენ, რადგან  სარემონტო/ტექნიკური სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი მთლიან უნივერსიტეტში წყდებოდა შაბათ-კვირას. შემდეგ დავუკავშირდით ამერიკულ კუთხეს, გავაცანით ჩვენი მიზანი  და დაგვთანხმდნენ. დღეს კი გვიბარებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი და გვეუბნება, რომ ეს ვიწრო ჯგუფი არ აინტერესებს და არ ემსახურება მათ“ – აცხადებს მარიამ ქაჯაია.

„ბათუმელები“ „იდენტობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა ბსუ-ს პრესცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ.

„ბათუმელები“ გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა ადგილზეც, ბსუ-ში. აღმოჩნდა, რომ ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში არავითარი ტექნიკური და სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ცარიელი 21-ე აუდიტორია ბსუ-ში. ფოტო გადაღებულია დღეს, 13:50 საათზე

რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ამ საჯარო სივრცის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ „ბათუმელებს“ თავდაპირველად განუცხადა: „საიდან მოიტანეთ, რომ არ ვუთმობთ იდენტობას სივრცეს“. ასევე კატეგორიულად უარყო, რომ „მთავრობის აპარატიდან დაურეკეს“.

შემდეგ კი ინგა გოგიბერიძემ თქვა:

„ამერიკული კუთხის ეს საჯარო ლექცია ჩემთან შეთანხმებული არ იყო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ამერიკულ კუთხეში საპირფარეშოს ფანჯრის გაჭრა, გატეხვა. შაბათ-კვირას ვაკეთებთ, რომ მკითხველებს ხელი არ შეეშალოს. გაფრთხილებული იყო სალომე ჟორჟიკაშვილი, ზურაბ მესხიძე და მამუკა საფარიძე, მაგრამ მამუკას რატომღაც დავიწყებული ჰქონდა და ჩანიშნა ეს ლექცია. ჩვენ ჩანიშნული გვქონდა სარემონტო სამუშაოები. ამიტომ უარი ვუთხარით ამ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. სხვა დროს ჩაატარებენ რა პრობლემაა“.

ფანჯარა ამერიკულ კუთხეში, რომლის „გატეხვასაც“ აპირებენ. ფოტო გადაღებულია 15:05 საათზე

მარიამ ქაჯაიას უარის მიზეზად ინგა გოგიბერიძე კიდევ ერთი მიზეზი – უსაფრთხოება დაუსახელა. დირექტორს მარიამ ქაჯაიამ შესთავაზა, რომ თუ მას ეშინია „მიმართავს პოლიციას და ლექციის დროს პერიმეტრს პოლიცია დაიცავს“, რაზედაც ინგა გოგიბერიძე თქვა: „არა. პოლიცია რაში მჭირდება“.

მარიამ ქაჯაია

მარიამ ქაჯაიას თქმით, დღევანდელი ფაქტის გამო ის აუცილებლად მიმართავს სახალხო დამცველს, ბსუ-ს და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინააღმდეგ დისკრიმინაციის დადგენის მოტივით.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: