განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

03.05.2019 • 1438
რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს.

ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ:

[checklist]

  • ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უფლება
  • ზემო აღნიშნულ უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რომლის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება
  • ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს
  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს ან მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას

[/checklist]

უმაღლესი საბჭოს განმარტებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამ უფლებების დელეგირება, ინიციატივის ავტორი ლადო მგალობლიშვილი პასუხობს, რომ რადგან აჭარაში არის განათლების სამინისტრო, მას უნდა ჰქონდეს ეს უფლებები.

„მაგალითად, როცა პირველ საჯარო  სკოლას მიეცა რეკომენდაცია  დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ამ შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წერდა საქართველოს განათლების სამინისტროს წერილს, შემდეგ საპასუხო წერილი ისევ იგზავნებოდა აჭარაში, შემდეგ ისევ აჭარის განათლების სამინისტრო აგზავნიდა საპასუხო წერილს და იქედან პასუხი უბრუნდებოდა სამეურვეო საბჭოს. ასეთი ბიუროკრატია შემცირდება და უფრო ადვილად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარაში ამ დროისთვის 229 საჯარო სკოლაა.

________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: