საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი გაუარესდა


მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.

დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.

2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი სისტემით ხასიათდება. წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.06 ქულით შემცირდა.

„რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა პრობლემა, მათ შორის, ყველაზე მაღალი იყო პროფესიული ჟურნალისტიკის კუთხით. პრობლემაა ასევე პლურალისტური მედიაგარემოს და ბიზნესმენეჯმენტის კუთხით,”- აღნიშნა ეკა ბასილაიამ, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.

ინდექსის მონაცემებით, უარყოფითად შეფასდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხები.

„მაჩვენებელზე აისახა კანონპროექტებიც, მაგალითად, ე.წ. ცენზურის კანონპროექტი, ასევე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის მოთხოვნის ინიციატივა,”- დასძინა ეკა ბასილაიამ.

ინდექსის შესახებ მომზადებულ ანგარიშში რამდენიმე ფაქტი მოხვდა, მათ შორის: აფგან მუხთარლის საქმე, ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, „რუსთავი 2“- ის საქმე.

ამავე ინდექსის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, ხოლო რიგი მედიასაშუალებებისთვის დონორი ორგანიზაციების დახმარება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება“.

„მე ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს,“- თქვა IREX-ის მედიაგანვითარების მკვლევარმა პრეზენტაციის დასასრულს. ის შეეხო აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ინდექსის ამ „მაჩვენებლების გაკეთილშობილებას ცდილობდა“.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი