რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში


კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას.

რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შევიდა „ალიანსის“ წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წელს „Marriott International Design & Construction Services, Inc.-თან“ ხელი მოეწერა ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N5-ში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სასტუმროს ნაწილში საერთაშორისო ბრენდის სტატუსის მქონე ოპერატორის „COURTYARD BY MARRIOTT“-ის შემოყვანის შესახებ.

შენობა, რომელშიც „COURTYARD BY MARRIOTT“-ი უნდა გაიხსნას

„კომპანიის განმარტებით, აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის ყველა ზონაში პირველი ხარისხის მასალების გამოყენებას, აგრეთვე იმ ნაწილებში, რომლებიც არ იქნება სასტუმროს სივრცეებში გაერთიანებული, ორგანიზებული მართვის მიზნით, მაინც ბრენდთან შეთანხმებული კომპანიისათვის მართვაში გადაცემას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კი, საჭირო გახდა პროექტის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო ოპერატორთან შეთანხმება, შეიცვალა შენობა-ნაგებობის შიდა გეგმები და ჭრილები, დიზაინკონცეფცია, გარე და შიდა მოპირკეთების მასალები“, – აღნიშნულია სამინისტროს განმარტებით ბარათში.

სამინისტროს განცხადებით, ინვესტორი ასევე განმარტავს, რომ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 მილიონი ლარის ინვესტიციისა, ხორციელდება არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია, კონტრაქტორმა კი გადაწყვიტა სასტუმრო ნომრების რაოდენობა 100-დან არანაკლებ 150-მდე გაზარდოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ 4 848 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებულ პირობებიან აუქციონზე გამარჯვებულად შპს „ალიანსი“ გამოცხადდა. ნასყიდობის ხელშეკრულება 2015 წლის 20 იანვარს დაიდო. საპრივატიზებო საფასური 2 580 000 ლარი იყო.

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა იღებს.

„ალიანსის“ შემთხვევაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ გაცემული 129 ათასი ლარის ოდენობის საბანკო გარანტია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას კი აჭარის მთავრობამ მხარი 2019 წლის 30 აპრილის სხდომაზე დაუჭირა.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com