„ზოგს აღარ ჰქონდა გაკვეთილი და ხომ არ გამოვეკიდებოდი?“ – სკოლები ენმ-ის ბრალდებაზე



„პარტიული ყრილობის გამო ხულოში 15 საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწალო პროცესი შეწყდა, სკოლებიდან დირექტორები და პედაგოგები პარტიის შეკრებაზე წაიყვანეს. ეს არის ადამინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატია.

დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა. იგი ამ დრომდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს. წინა წლებში ვახტანგ ბერიძე ხულოს პოლიციის უფროსი იყო.

ირაკლი ჯორბენაძე ვერ ასახელებს კონკრეტული დირექტორებისა და პედაგოგების ვინაობას, ვისაც, მისივე მტკიცებით, სასწავლო პროცესის მიტოვება მოუხდა. „შეხვედრა დანიშნული იყო დღის ორ საათზე. პირველზე იყო მობილიზება გამოცხადებული. ჩვენ ვამუშავებთ ფოტო და ვიდეომასალას და დღის ბოლოს ბრიფინგს გავმართავთ,“ – აღნიშნავს ირაკლი ჯორბენაძე.

„გამორიცხულია. არც ერთი დირექტორი და პედაგოგი ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. შესაძლოა, ვინმე იყო თავისი სურვილით, მაგრამ ასე ორგანიზებულად იქ არავინ მიუყვანიათ და არც სასწავლო პროცესი შეწყვეტილა სადმე,“ – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე.

ირაკლი ჯორბენაძის მიერ დასახელებული სკოლებიდან „ბათუმელები“ სოფელ დიოკნისისა და ღორჯომის სკოლების ხელმძღვანელებს ესაუბრა.

„ქართული ოცნების“ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ყოფილა, მაგალითად, სოფელ ღორჯომის სკოლის დირექტორი.

„არ ვესწრებოდი მე შეხვედრას, აქ ვარ ღორჯომში, მოდით, დაგხვდებით… გავიგე, ვიცოდი, მაგრამ ჯარიმებს ვერ ვუძლებ,“ – გვითხრა ღორჯომის სკოლის დირექტორმა, რეზო გორგაძემ.

სკოლის დირექტორს ვთხოვეთ დაზუსტება, ვისგან მიიღო შეთავაზება დასწრებოდა პარტიულ შეხვედრას.

„ჯარიმა არი მაგაზე, ვიცოდი და ამიტომ ვერ შემომთავაზებდნენ… ყველა გაკვეთილი, რაც არსებობდა, ჩატარდა… თქვენ თუ დეტალურად გაინტერესებთ, მობრძანდით და გეტყვით. ღორჯომიდან მაქ როგორ აგიხსნათ? პედაგოგი მის გაკვეთილს რომ ჩაატარებს, სადაც უნდა იქ წავიდეს. ზოგს აღარ ჰქონდა გაკვეთილი და მე ხომ არ გამოვეკიდებოდი?“ – კითხულობს რეზო გორგაძე.

მერობის კანდიდატის წარდგენაზე დასწრებას გამორიცხავს ინგა კახაძეც, დიოკნისის სკოლის დირექტორის მოადგილე. მას კითხვის დასმა არც დასჭირდა. როგორც კი პარტიული შეხვედრა ვახსენეთ, კატეგორიულად გვითხრა, რომ არც თვითონ და არც რომელიმე პედაგოგი ამ შეხვედრას არ დასწრებია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი