ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელში უნდა დასრულდეს – რა ეტაპზეა ჭოროხი-სარფის პროექტი


ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

აჭარაში დაგეგმილია ასევე ახალი გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, გრძელდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 2019 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„მაისის ბოლოდან უკვე დაიწყება დეტალური პროექტირება და ალბათ იქნება მონახაზიც, თუ კონკრეტულად სად გაივლის გზა ჭოროხიდან-სარფამდე. დეტალური პროექტირება კი, დღეს არსებული გეგმით, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს,“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს რაც შეეხება, დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები ერთმანეთს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბით დაუკავშირდება. ქობულეთის შემოვლითი გზა კი შეკვეთილი-გრიგოლეთის ახალი გზით გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე გზას დაუკავშირდება.

ბათუმის შემოვლითი გზა ამ ეტაპზე მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე] მონაკვეთში შენდება. აქედან კი ახალი გზა სარფამდე გაგრძელდება, რომლის მშენებლობაზეც ცალკე ტენდერი გამოცხადდება.

ამ თემაზე: 

ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com