„იქნებ მოაწყოთ ჩემს სახლში საბავშვო სტუდია ან ბაღი და ოჯახი აღარ დამენგრევა“ 



სასამართლოს გადაწყვეტილებით 60 წლის მალხაზ ბაკურიძეს ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 20 აპრილს შინიდან გამოსახლება ემუქრება. მალხაზ ბაკურიძის ვალი ჯამში 65 000 $ -ია.

იპოთეკით დაზარალებულთა შეკრებაზე, მან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელ ქალბატონს მიმართა, რომ შემოსავალი არ აქვს. ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს და ტაქსის მძღოლობას ვეღარ ახერხებს, გამოსახლების შემთხვევაში კი წასასვლელი არსად აქვს. ბიუროს წარმომადგენელმა, ბაკურიძის თქმით, მას მცირეწლოვანი ბავშვების ბავშვთა სახლისთვის მიბარება ურჩია.

მალხაზ ბაკურიძე დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. როგორც ის ყვება, 90-იანი წლების ბოლოს ოჯახმა ბანკისგან 5000 დოლარის სესხება გადაწყვიტა, ამავე ბანკის კრედიტოფიცერმა კი მათ შესთავაზა, რომ დააჩქარებდა სესხის დამტკიცების პროცესს, თუკი ოჯახი მისთვისაც გამოიტანდა დამატებით 2500 $-ს. ბაკურიძეებმა მართლაც 7500 $ სესხი აიღეს.

მალხაზ ბაკურიძის თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრედიტოფიცერმა ბევრ სხვა მსესხებელსაც სთხოვა იგივე და ბოლოს ქვეყნიდან გაიქცა.

ბანკმა მხედველობაში არ მიიღო ეს მომენტი და ოჯახს მიუთითა,  რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან შეეძლოთ თანხის გამოტანა სესხის გადასაფარად.

„პირველად 15 000 $ გამოვიტანეთ. ყოველი გადახდისას მიჰქონდათ მომსახურების საკომისიო, იტოვებდნენ პროცენტს, პროცენტს ხან ვიხდიდით, ხან ვერა. ბოლოს მოვედით იქამდე, სახლი მესამედ დავტვირთეთ იპოთეკით.

დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩემი ვალი შეადგენს $50 000 + 15000, რაშიც შედის სესხის ძირი თანხა და პროცენტი. 9000 $ გადახდილი გვაქვს პროცენტი, თუმცა ეს აღარაფერში ითვლება. საქმე საბოლოოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

ეზო მოვაწესრიგე სპეციალურად, რომ საბავშვო სტუდია მოვაწყო, ან კერძო ბაღს მივაქირავო სახლი. მერიაში, ჩვენი იპოთეკარების სიაა შეტანილი, რომ მოგვცენ საშუალება ავიღოთ დაბალპროცენტიანი სესხი ვალის დასაფარად, რაც ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. თუმცა ამ ვალსაც მერე დაფარვა უნდა და ამიტომაც მინდა სახლი ბაღს მივაქირავო ან სტუდია გავხსნა“, – ამბობს ბაკურიძე.

მას ორი გზა აქვს: მიჰყიდოს ინვესტორებს ქალაქის ცენტრში მდებარე სახლი, გაისტუმროს ვალი და მიიღოს ბინაც, ან სახლი მიაქირავოს კერძო ბაღს, სკოლას. ფიქრობს, რომ დიდ, ხეხილიან ეზოში კოტეჯების ჩადგმაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან ზაფხულობით გაქირავებას თავისუფლად შეძლებდა და სესხს გადაიხდიდა.

„ბათუმს ამახინჯებენ, ვისაც როგორ უნდა ისე აშენებს, ძველი ბათუმი აღარაა, სანაპირო აღარაა, კლიმატი იცვლება, ადრე რომ პირველ სართულზე იყო ნესტი, ახლა მეორეზეც ისეთივე ნესტია. დაირღვა ზღვის და მთის ჰაერის კავშირი. ჩემს სახლში სოფლის იდილიაა, დილით ძაღლი ყეფს, მამალი ყივის – ეს მირჩევნია იმხელა კორპუსებში ცხოვრებას“, – ამბობს გამოსახლების მოლოდინში მყოფი 60 წლის ყოფილი პატიმარი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ბაკურიძეს არ სურს სახლის მცირე ფასად ინვესტორისთვის მიყიდვა და ურჩევნია შინ, ბაბუისეულ ეზოში, სადაც მრავალწლოვანი ხეხილი და ბაღია, გასაქირავებლად კოტეჯები ჩადგას, ამის საშუალება მას არ აქვს და დახმარებას ითხოვს.

„ჩემი ოჯახი დანგრევის პირასაა. მეუღლე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მეუბნება, რომ თუ გაგვასახლებენ, ბავშვებს წაიყვანს თავის ქვეყანაში და წავა. გამოდის, რომ სახლის დაკარგვასთან ერთად ოჯახიც მენგრევა, რა ვქნა?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან