აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის მიერ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელს და ეკონომიკური ანალიზის მიზნით იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო არ ფლობს თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, 2017 და 2018 წლებში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, 2019 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ 2018 წლის სამი კვარტლის უცხოური ინვესტიციების შესახებ აქვს მონაცემები რეგიონების მიხედვით [ისიც წინასწარი] და საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, ბოლო ორ წელში განხორციელებული არაუცხოური [ადგილობრივი] კერძო ინვესტიციების შესახებ.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების შედარებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის პირველ სამ კვარტალში არის 69 მილიონი აშშ დოლარი, რაც 98 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან და 9 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2016 წლის შესაბამის პერიოდთან.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის“ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტიური მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს [კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები], მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოვთხოვეთ რეგიონში 2017-2018 წლებში განხორციელებული კერძო ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა ეკონომიკის სექტორების, ქვეყნებისა და აჭარაში თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, თუმცა სამინისტრომ ვერც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com