ქუთაისელი მასწავლებელი: ბოლო მშობელთა კრებაზე 3-4 მშობელი იყო, სხვები უცხოეთში არიან

მზია ბუბაშვილი ისტორიის მასწავლებელია ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში. ის „ბათუმელებთან“ ისეთ მწვავე პრობლემაზე საუბრობს, როგორიცაა მშობლების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში. რა იცვლება წლების მიხედვით და როგორია სკოლა და მოზარდი, მშობელთა კრება მშობლების გარეშე.

1987 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. სოფლის სკოლაშიც ვმუშაობდი, საჯაროში და კერძოშიც. ბოლო 18 წელია ქუთაისის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა ისეთი რთული ვითარება სკოლისა და მშობლების ურთიერთობაში, როგორიც დღეს არსებობს.

ხომ არსებობს შეხედულება, რომ სოფელში ნაკლებია სწავლის, სკოლის მიმართ მშობლების ინტერესი, რომ იქ ნაკლებად სცალიათ მშობლებს სკოლისთვის და ა.შ. იქ ბევრად უფრო მეტი ინტერესი იყო, ვიდრე დღეს ქალაქის სკოლებშია.

ქალბატონო მზია, როგორია ტენდენცია. იზრდება მშობლების მიგრაციის მაჩვენებელი და როგორ აისახება ეს სკოლისა და ბავშვების ურთიერთობაზე?  

ტენდენცია არის მზარდი. თუ წლების წინ მშობელთა კრებაზე შევდიოდი და ვხედავდი, რომ ოთხი-ხუთი მშობელი აკლდა იმის გამო, რომ უცხოეთში წავიდა, თითქმის ყოველ კრებაზე ეს მაჩვენებელი სამმაგდება. როცა ოცდაათამდე ბავშვი გიზის კლასში, ეს დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მშობელთა კრებაზე, ფაქტობრივად, 3-4 მშობელი იყო, დანარჩენი უცხოეთში არიან წასულები. პრობლემაა ისიც, რომ ოჯახებიდან დედები მიდიან, ძირითადად, თუ ორივე მშობელი მიდის, ეს კიდევ უარესია.

შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი გვითხრათ, რაშიც ჩანს პრობლემის სიმწვავე?

მე სხვაზე არ ვისაუბრებ. შემიძლია საკუთარ მაგალითზე ვილაპარაკო. თვითონ ვარ ემიგრანტის და, მე დამიტოვა ჩემმა დამ ორი ბავშვი, რომლებიც ახლა გარდატეხის ასაკში არიან და ვერც გოგოს და ვერც ბიჭის პირად ცხოვრებას, სწავლის პროცესს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ.

მხოლოდ დედებზე რატომ საუბრობთ, მამის ფაქტორი არაფერს ნიშნავს შვილებისთვის?

მამების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს შვილებთან სათანადო ურთიერთობას. არიან ისეთი მამებიც, რომლებიც ყოჩაღად დგანან, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა. მეორე პრობლემაც ჩნდება, როცა დედები მიდიან, მამები ხშირად ოჯახს ანგრევენ და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ზოგჯერ არც ბებია-ბაბუა ჰყავთ ბავშვებს და ხან ბიცოლაზე არიან მიბარებული, ხან დეიდაზე ან მამიდაზე. ბუნებრივია, რეცეპტი არ არსებობს, რომ რადგან მშობელთან იზრდება, ამიტომ არის კარგი ბავშვი, ბებია-ბაბუებსაც კარგი შვილიშვილები აღუზრდიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვისთვის დედა შეუცვლელია, მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში.

ერთი მოსწავლე მყავდა, ბებიამ გაზარდა, სულ უკან დასდევდა, ჩართული იყო ყველაფერში. ბუნებრივია, გარდატეხის პერიოდში ამ ბავშვსაც ჰქონდა მასთან ურთიერთობის პრობლემები, კლასელები ეუბნებოდნენ, – „ბიჭო, ბებიაშენთან ერთად დადიხარ სკოლაში?“, „ბანკეტზეც ბებიას წამოიყვან?“, მაგრამ მათ შეძლებს კრიზისების გადალახვა და დღეს სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სამჯერ იყო უცხოეთში სხვადასხვა პროექტით წასული. ბუნებრივია, ეს ბიჭი გაზარდა ბებიამ და ძალიან ბევრი ძალისხმევა გაიღო, მაგრამ ასეთი ერთეულებია.

ფაქტია, რომ ბავშვების დიდ ნაწილს სჭირდება მშობლის თანადგომა, ყურადღება. ბავშვი, რომელიც ვერ სწავლობს კარგად, სჭირდება ხელშეწყობა, ასეთ ბავშვებს ექმნებათ პრობლემა.

ოჯახის შემდეგ სკოლაა ის გარემო, სადაც ბავშვი, მოზარდი ვითარდება. რას აკეთებს სკოლა დღეს ემიგრანტი მშობლების ბავშვებისთვის, რისი კომპენსირება შეუძლია სკოლას?

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის აღზრდაში, სკოლა, ოჯახი და საზოგადოება – სამივე ერთად არის ჩართული. მშობლების მასობრივი მიგრაციის გამო სკოლა დარჩა მარტო. სკოლა ცდილობს თავისი წილი საქმე აკეთოს, ბავშვის მოქალაქედ, ადამიანად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ოჯახური გარემო, მშობლის, დედის როლი მაინც შეუცვლელია. სკოლა ეხმარება ოჯახს, ოჯახი ზრდის ბავშვს.

დღეს კი ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი რაღაც თავთავისთვის არიან და ვერ ხერხდება მათი ერთ სისტემაში მოქცევა. დედის მზრუნველობა, მხარდაჭერა აკლიათ ბავშვებს.

ერთ ქალს ვიცნობდი, თავისი მაღაზია ჰქონდა. მის ბავშვს შევატყვე, რომ აღარ სწავლობდა. ვკითხე, დედაშენს როგორ გამოეპარე უსწავლელი-მეთქი და მითხრა, „დედაჩემი საბერძნეთში წავიდაო“. მაშინვე დაეტყო მშობლის წასვლა.

ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ დედებისგან, როცა ვსაუბრობთ, რომ მათ მიატოვეს შვილები. ჩვენ ვხედავთ როგორია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა და რომ არა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების მიგრაცია, ბევრი ბავშვი შესაძლოა ფიზიკური გადარჩენის წინაშეც მდგარიყო. ამაზე რას ფიქრობთ?

ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ემიგრანტი ქალების, დედების, რომლებმაც რეალურად გადაარჩინეს ოჯახები და მათ მხრებზე დგას ქართული ეკონომიკა, მათით შენდება სახლები, შვილებს ისინი უზრუნველყოფენ მატერიალურად, მათ სწავლა-განათლებას და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ უმთავრესს – დედებისა და შვილების ურთიერთობას და ამის უარყოფით შედეგს მალე მოვიმკით.

ახლობლების მაგალითს გეტყვით, დედამ დაურეკა ბავშვებს. „აღარ შემიძლია, ისე მენატრებით, უნდა ჩამოვიდეო“ და იცით რა უთხრეს შვილებმა?  „ჯერ გაგვიკეთე რამე, რომ მოდიხარო?“. დედა, ჩვენც გვენატრები და ჩამოდიო, არ უთქვამთ, აი, ეს არის პრობლემა. არ მიიღეს დედა უფულოდ. ეს არის ტენდენცია, სამწუხაროდ. დედაშვილობის ინსტიტუტი არის გამქრალი. დედის სითბო არ იცის ბავშვმა.  კომპიუტერში  დანახული დედა არ მიიღო ბავშვმა. კონტაქტია მნიშვნელოვანი. დედის ხელის შეხება, დედის ჩაცმული წინდები, დედის კოცნა სულ სხვაა, ეს აქცევს ადამიანად ბავშვს.

განათლების სისტემას რამდენად მიუძღვის წვლილი იმაში, რომ დედებს მოუხდათ ემიგრაციაში წასვლა. რეპეტიტორების ინსტიტუტი, სწავლის მაღალი გადასახადი, ეს ყველაფერი ხომ მოითხოვს დამატებით შემოსავლებს ოჯახში?

მესმის, რომ აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც. აუცილებელია კლასში შემცირდეს მოსწავლეების რაოდენობა, რომ სწავლის პროცესი გახდეს უფრო ხარისხიანი. თითქმის ყველა ბავშვი ემზადება პირველი კლასიდანვე ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. არ ვიცი, რატომ არის ეს საჭირო.

გარდა ამისა, მარტო მატერიალური უზრუნველყოფა არ არის საკმარისი ბავშვისთვის. სოციალური უთანასწორობა იწვევს ბავშვებში ბულინგს, კუდაბზიკობას. ვიღაცას განსხვავებული ჩანთა, ტანსაცმელი აქვს და სხვების დამცირება იწყება.

ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომაც მისი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და იზრუნოს იმაზე, რომ მშობლებს ჰქონდეთ სამუშაო ამ ქვეყნაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com