რვა წელი რუსულ ციხეში და ცხოვრება საქართველოში

36 წლის აკაკი ჭეიშვილმა, ჩვენს მიერ მონათხრობი ისტორიების რესპონდენტების მსგავსად ბევრი დაბრკოლება გადალახა, რისი გადალახვაც ყოფილ პატიმრებს უწევთ; ხეზე კვეთაც არაერთმა პატიმარმა ისწავლა ციხეში მის მსგავსად, მაგრამ აკაკი საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა პატიმარი. რვაწლიანი სასჯელი მან რუსეთის ციხეში მოიხადა და საპატიმროში ზუსტად იმ წელს აღმოჩნდა, როცა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დაბომბვა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს აკაკი საქართველოში არ იყო, მას ეს ომი მაინც პირდაპირ შეეხო: ბოროტმოქმედის იარლიყი, საქართველოს მოქალაქეობა და რუსეთ-საქართველოს დაძაბულმა ურთიერთობებმა რუსულ ციხეებშიც შეაღწია და იხსენებს რა სასტიკად ექცეოდნენ ციხის ადმინისტრატორები. თუმცა ამბობს, რომ პატიმრებისგან ეროვნული ნიშნით უარყოფითი დამოკიდებულება არ უგრძვნია.

„ბრალის დამტკიცებამდე ორ-დღენახევარი ვიყავი სასტიკ საპატიმროში – მოსკოვში, პეტროვკა 38-ში. ორი დღე მთხოვდნენ დამესახელებინა ვინ იბრძოდა ჩემი ოჯახიდან ოსეთში. მამაჩემი იმ დროს გარდაცვლილი იყო. ქუთაისში მხოლოდ დედა, ბებია და ბაბუა მყავდა, ვის უნდა ებრძოლა“, – იხსენებს აკაკი ჭეიშვილი.

ახალგაზრდობის წლები არ უნდოდა უქმად გაეტარებინა და გადაწყვიტა ესწავლა რაიმე, რისი სწავლაც საპატიმროში იქნებოდა შესაძლებელი. აკაკის ამაზე ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ მას ნათესავებიც კი არ ჰყავდა რუსეთში და პატიმრისთვის გარედან წიგნების ,,სათრევად“ რუსული ციხის ადმინისტრაციას არ ეცალა.

„ტაჯიკებს, ყირგიზებსა და აფხაზებსაც ასე ექცეოდნენ, ადმინისტრაცია მკაცრი იყო ყველასთან, ვინც რუსეთის მოქალაქე არ იყო“, – ამბობს აკაკი.

რუსეთის ციხეში ბოლოს მაინც ვიპოვე საქმე – აღმოაჩინა, რომ ხის საამქრო იყო საპატიმროში და ხეზე დეკორატიული კვეთა ისწავლა.

სამართალდამცავებს დიდხანს არ სჯეროდათ, რომ საამქროში მართლა რაღაცის სასწავლად დადიოდა და დიდხანს აკვირდებოდნენ. მერე, როცა ხელობა აითვისა და ყველაფერი კარგად გამოუვიდა, აკაკის მიმართ ნდობა გაუჩნდათ.

2012 წელს სასჯელის სამი მეოთხედი უკვე მოხდილი ჰქონდა და ციხეში კარგი ქცევის გამო გათავისუფლების შანსი მისცეს. საქართველოში აბრუნებდნენ იმ პირობით, თუ საქართველოს შს სამინისტრო საქართველოშივე მისი პირობით მსჯავრის პერიოდში დააკვირდებოდა და უმეთვალყუროებდა. მაშინ საქართველომ უარი თქვა აკაკის საქართველოში დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საშიში კრიმინალური წარსული არ ჰქონია. ასე დარჩა ის რუსეთის ციხეში სასჯელის ბოლო წლის მოხდამდე.

ყოფილი პატიმარი გვიყვება, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე იყო მისი პატიმრობისას რუსეთის ციხეებში უყურადღებოდ და უპატრონოდ იმ პირობებში, როცა არანაირი ინფორმაციის გაცვლა და კონტაქტი არ არის რუსეთისა და საქართველოს შს სამინისტროებს შორის.

ახლა აკაკის საკუთარ სახლში მოწყობილი ხის საამქრო აქვს. ამზადებს დეკორატიულ ავეჯსა და სუვენირებს. გვიყვება, რომ ხის ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და დეკორატიულ კვეთას მიაქვს მისი დროის ყველაზე დიდი ნაწილი. ეკლესიის მოჩუქურთმებულ კარებსა და სარკმლებზეც უმუშავია.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ გათავისუფლდა, უკვე მოახერხა და ორი გრანტი მოიპოვა: „აწარმოე საქართველოსთვის“ და დემოკრატიის ინსტიტუტისგან. ორივე გრანტით ხის საამქოსთვის საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები შეიძინა. დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. ჯერ იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტს“ დაუკავშირდა, მერე მის პარტნიორ დემოკრატიის ინსტიტუტს და პროექტშიც ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ცხოვრობდა და ნაკეთობებსაც ხშირად რუსეთში გზავნის გასაყიდად, აკაკი ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაუჭირდეს საკუთარ ქვეყანაში მოახერხებს რამეს და იქ არასდროს დაბრუნდება.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან