მთავარი,სიახლეები

„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

15.11.2018 • 2133
„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

35 გიორგი თორდია ზუგდიდში ცხოვრობს და, ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს და როგორც გვეუბნება, ღამით, სიზმარშიც მოპედებს ხედავს. გიორგის მთავარი გატაცება მოპედია.

2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა.

მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის, მოპედი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საფრთხეებიც, რომლის წინაშეც შეიძლება მოპედის ტარებისას აღმოვჩნდეთ, თუკი უსაფრთხოების წესებს არ დავიცავთ.

„ბავშვობიდან სულ მყავდა მოპედები, თავიდან მხოლოდ რუსული, მერე თანდათან ფერადი, ევროპული მოპედები გამოჩნდა და ახლა უკვე სამი სხვადასხვანაირი მყავს. ზოგი ქალაქში გადასაადგილებლადაა მოსახერხებელი, ზოგიც შორ მანძილზე სამოგზაუროდ,“ – ამბობს გიორგი თორდია.

ბათუმში, მარტვილის კანიონზე და სვანეთშიც კი ყოფილა მოპედით მეგობრებთან ერთად. ზუგდიდიდან ბათუმამდე ჩამოსვლას მოპედით თურმე სულ 4 საათი სჭირდება (შესვენებებით). 100 კილომეტრის გავლისთვის კი მხოლოდ 3 ლიტრი ბენზინია საჭირო.

ზუგდიდში ვის მოპედსაც რაიმე დაუზიანდება, ყველა გიორგის სახელოსნოს მიაშურებს.

მოპედით დაინტერესებულებს გიორგი ურჩევს, რომ ტარების სწავლისას აუცილებელია არ ავჩქარდეთ და თავიდან რაც შეიძლება ნელა ვატაროთ, ასევე არ დაგვავიწყდეს ჩაფხუტი, სამუხლეები და სამკლაურებიც.

გიორგი სამეგრელოში მოქმედი ფონდის „თანაზიარის“ ბენეფიციარია, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში.

გიორგიმ ამ პროგრამის საშუალებით მოპედების სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყოები შეიძინა და მისი სამომავლო გეგმებიც მოპედებს უკავშირდება. აპირებს საკუთარი ხელით ააწყოს მოპედები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, გააქირაოს და ასე გაზარდოს შემოსავალი.

გიორგი ფიქრობს, რომ მოპედების პარკი ზუგდიდს გამოაცოცხლებს.


„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა” მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ()იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: