მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

09.11.2018 • 1896
აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება, ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელი საყანე და საკარმიდამო ფართობებიდან სახლებსა და შენობებში გამოსაზამთრებლად ინაცვლებს. სანამ მოსახლეობას ბაღლინოჯს მოზამთრე ფაზის დროს ბრძოლის მექანიკური საშუალებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, მანამ ვნახოთ როგორი იყო გურიაში აზიური ფაროსანას გავლენა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე.

სიმინდი

გურიის სოფელ რცხმელისხიდში მცხოვრებ ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი, გასულ წელს კი 1 ჰექტარზე გაშენებული კულტურა  აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა. გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მავნებლის წინააღმდეგ რამდენიმე წამლობა ჩაატარა და 3-ჯერ მეტი მოსავალი მიიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში მავნებლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები არ განხორციელებულა და ზვიად გობრონიძის მსგავსად მოსავალი ადგილობრივების უმრავლესობას გაუფუჭდა. წელს როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან,  სადაც შესაბამის სამუშაოები – ყანების ქიმიური პრეპარატით დამუშავება განხორციელდა, ფერმერებმა სიმინდის საუკეთესო მოსავალი მიიღეს.

სიმინდი

სიმინდი

თხილი

გურიის მუნიციპალიტეტში 2018 წელს თხილის კულტურა ყველაზე მეტად დაზიანდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ  ამ პროცესში მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის შემოწმების შემდეგ აცხადებენ. მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს.

თხილის ბაღი

თხილის ბაღი

აქვე აცხადებენ, რომ წლევანდელი ზარალის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის არაინფორმირებულობა იყო. ნინო შეწირული აცხადებს, რომ გურიასთან შედარებით სამეგრელოში თხილის უკეთესი მოსავალი მიიღეს და მიზეზებსაც განმარტავს.

ეს იმან განაპირობა, რომ შარშან აზიური ფაროსანას პოპულაცია სამეგრელოსთან შედარებიგურიაში შედარებით მცირე იყო, შესაბამისად მისგან მიყენებული ზარალიც. ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის სიმწვავე ჯეროვნად ვერ აღიქვა. ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ არც ქიმიური წამლობა და არც მექანიკური ღონისძიებები განუხორციელებიათ“,- ამბობს ნინო შეწირული.

ნინო შეწირული

ნინო შეწირული

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს და „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ტარდება. სპეცილიასტები ყურადღებას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ხერხებსა და რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებებზე ამახვილებენ.

მათი რეკომენდაციები გურიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მურთაზ სიხარულიძემ უკვე გაითვალისწინა. ფერმერს თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15-წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვის გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდის, სწორი აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო.

წელს პირველი წამლობა მაისში ჩავატარე და 1 ჰექტარზე დაახლოებით 500 ლიტრი ქიმიური პრეპარატი გამოვიყენე. მეორეივნისის შუა რიცხვებში შევწამლე, ერთმანეთში აზიური აროსანას, ნაცრის და სიდამპლის საწინააღმდეგო საშუალებები შევურიე. თხილის პლანტაცია მესამედ, კომბინირებული წამლით ივლისში მოვწამლე.“- გვიყვება  მურთაზ სიხარულიძე.

ციტრუსი

გურიაში ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. მოსახლეობა მანდარინის მოსავალს იღებს. მათი ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ნაწილი კი გვიყვება როგორ მიიღო სწორი წამლობის შედეგად კარგი მოსავალი და კულტურა მავნებლის დაზიანებისგან დაიცვა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების პარარელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. უკვე გაგაცანით, სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე,რომელმაც სიმინდის კარგი მოსავალი მიიღო. მისი ფერმერული საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება.

გობრონიძე მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე ქიმიური დამუშავების დროს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩემი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელა და მოსავალი გაუფუჭდათ. გასულ წელს ფაროსანას წინააღმდეგ მანდარინიპლანტაცია მხოლოდ ერთხელ მოვწამლე და გამიფუჭდა, წელს სხვადასხვა დაავადებაზე რამდენიმე წამლობა ჩავატრე და ყოველ ჯერზე ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს ვურევდი და შედეგიც კარგი მაქვს“ – ამბობს ზვიად გობრონიძე.

ფაროსანას წამლობა

ფაროსანას წამლობა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მავნებელთა ბრძოლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები 2019 წლის სამქომედო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობამდე შესაბამისი რეკომენდაციების მიწვდენისთვის უფრო გააქტიურდება საინფორმაციო კამპანიაც.

იმედი მაქვს, წლევანდელი წელი ყველასთვის გაკვეთილი იქნება, რომ მომავალში ერთობლივი ძალით განხორციელდეს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა და საკარმიდამო ნაკვეთები თავად დაამუშაონ.“- აცხადებს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელიმ ნინო შეწირული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: