4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული.

ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს.

„სტატუსი უკვე წაშლილია. მან სტატუსი აზერბაიჯანულ ენაზე დაწერა და მიმართა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომლებიც იმ ბრძოლების დროს წერდნენ, რომ ჩვენ წავალთ და ვიომებთო. აბბასოვმა ირონიით დაწერა, რომ თუ პრობლემის მოგვარება გინდათ, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას გთავაზობთ – სომხეთის საელჩოს შემოარტყით ალყა, ხოლო ელჩი და მისი მოადგილეები აიყვანეთ ტყვედო. სტატუსში ასევე ეწერა, რომ 24-საათიანი ვადა მიეცათ დაკავებულებისთვის, აზერბაიჯანის მიწების დასატოვებლად,“ – გვიყვება მსჯავრდებულის ადვოკატი, ქამრალ ამჯანოღლი.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სტატუსი დაწერიდან რამდენიმე დღეში წაშალა.

ორხან აბბასოვი სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა ერთი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი ითვალისწინებს „ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერას, ან ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდებას“.

კანონი ითვალისწინებს ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ „ზეპირად, წერილობით, ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას“ იმის მიუხედავად, ეს შეიცავს თუ არა დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი ყურადღებას ამახვილებს ამ მუხლის ბოლო ნაწილზე, სადაც წერია: „თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“. ადვოკატი ირწმუნება, რომ პროკურატურას ამ საქმეში არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საფრთხის რეალურობას.

„აბსოლუტურად არანაირი სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო… ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ედო და ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ აშკარაა, რომ არავითარი საფრთხე ფესიბუქის ამ პოსტს არ შეუქმნია. ორხანის სტატუსს მის წაშლამდე ზუსტად რვა მოწონება ჰქონდა და 6 კომენტარი. ორხანი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. იგი ბოლო დროს რამდენიმე აქციაში მონაწილეობდა, რაც პარლამენტთან გაიმართა თბილისში და რელიგიის საკითხებს ეხებოდა. ბოლოს იყო აქცია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებზე იერუსალიმთან დაკავშირებით,“ – ამბობს ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი.

2016 წლის აპრილში სულხან წულაძე [იგივე „სპლიყვი“] დააკავეს ინტერნეტ ფორუმზე დაწერილი სტატუსის გამო. მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმის გამოგონილი ისტორია დაანონსა. მაშინ სულხან წულაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურა. „განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებით და ინფორმაციის ერთობლიობით“, – აღნიშნული იყო საია-ს განცხადებაში.

დაკავებიდან რამდენიმე თვეში სულხან წულაძე პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმის განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ტერორიზმის მოწოდებას შორის? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერი საფუძველი არსებობს, „თუკი შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“.

იურისტის თქმით, სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად შეიცავდა აღნიშნული ფეისბუქ პოსტები ისეთი დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა ტერორიზმისკენ მოწოდება. კითხვაზე, როგორ უნდა შეაფასოს მოსამართლემ, რამდენად შეიქმნა რეალური საფრთხე პოსტის დაწერის შედეგად, პაატა დიასამიძემ გვიპასუხა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რაც ამას დაადასტურებს.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი