კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს

„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გენდერული თანასწორობის შესახებ ესაუბრნენ.

რამდენად რთულია მეზღვაური ქალის დასაქმება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ნათია ლაბაძეს ესაუბრა. ის პირველი მეზღვაური ქალია დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც გემზე კაპიტნის მესამე თანაშემწედ მუშაობს. შორეულ ნაოსნობაში ნათია ლაბაძე სამი წლის წინ წავიდა.

„ამჟამად ვმუშაობ კომპანია „კოლუმბიის“ გემზე. საქართველოდან მხოლოდ მე ვარ ამ გემზე, კონტეინერმზიდია და კაპიტნის მესამე თანაშემწედ ვმუშაობდი ბოლოს. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი…

რეალურად რთულია დასაქმება, როცა ქალი ხარ. ეს გლობალური ტენდენციაა და მარტივად ვერ შეცვლი. კომპანიების უმრავლესობას ურჩევნია, რომ მამაკაცი აიყვანოს. უპირატესობა ფიზიკურ მონაცემებს ენიჭება, სულიერსაც… წარმოიდგინეთ, რომ ზღვაში იმყოფები 25 უცნობ მამაკაცთან ერთად, დღეები არ სრულდება, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, ერთსა და იმავე ადამიანებს უყურებ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს ციხესავითაა, მაგრამ გამიძლია. არ ვფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ძლიერია სულიერად, ვიდრე ქალი. პირიქით, ბევრი მამაკაცი მინახავს, ერთ თვეში  უკან რომ დაბრუნებულა, არ შემიძლია და მორჩაო.

კომპანია „კოლუმბმაც“ თავდაპირველად უარი მითხრა დასაქმებაზე, ქალი რომ ხარ, შეიძლება რაღაც შეზღუდვები იყოსო. მერე გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები გასაუბრებაზე და მოვეწონე, ამიყვანეს,“ – გვიყვება ნათია ლაბაძე.

რატომ გადაწყვიტა ნათიამ კაპიტნობა და რა წინააღმდეგობას აწყდება კაპიტნის თანაშემწე გემზე?

„მეზღვაურობა ბავშვობიდან მინდოდა… ჩემ ირგვლივ ბევრი მეზღვაური იყო და მათ ისტორიებზე ვიზრდებოდი. მეზღვაური ქალი არავინ იყო და მე მომინდა ეს. სკოლა დასრულებული არ მქონდა, როცა ვიცოდი, რომ კაპიტანი უნდა გამოვსულიყავი. ოჯახი გვერდით დამიდგა, მთავარია მოინდომო, ყველაფერი გამოვაო… სხვებს უფრო უკვირდათ, რა გინდა გოგოს გემზე, ქალის ადგილი მაქ არ არისო.

არასდროს მინანია ჩემი არჩევანი, მაშინაც კი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ყოფილა შემთხვევაც, როცა აშკარად მამაკაცის ფიზიკური ძალა იყო საჭირო, მაგრამ ხერხი სჯობია ღონესო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. კარგი ურთიერთობებით ყველაფერი გამოვა.

მიგრძვნია გაუსაძლისი მონატრებაც გემზე ყოფნის დროს. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლის და ახლობლების ფოტოები საერთოდ აღარ მენახა… ასე დავძლიე მონატრება. შენი თავი თუ ვერ აიყვანე ხელში, სხვა ვერ დაგეხმარება.

მეზღვაურობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ აღმოაჩინო სამყარო, ნახო სხვადასხვა ქვეყანა, შეიგრძნო განსხვავებული კულტურა, ადამიანები… ჩემთვის მეზღვაურის პროფესია მოგზაურობას ნიშნავს.

ქალი მეზღვაური უკვირთ სხვა ქვეყნებშიც. ჯერ კიდევ მყარია სტერეოტიპი, რომ კაცი ქალზე ძლიერია. ეს მითი ნელ-ნელა იმსხვრევა. მახსოვს, ჩინეთში როცა ვიყავი, იქ თითს იშვერდნენ ჩემზე, ნახეთ, ქალია გემზეო.

ბოლოს ქალი კაპიტანი ერთ-ერთ ფრანგულ გემზე ვნახე, საოცარი ვინმე იყო. კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია,“ – გვითხრა ნათია ლაბაძემ.

შეხვედრა გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია საზღვაო ინდუსტრიის სფეროში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი