სამი 12-სართულიანი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ადგილზე

შპს „სტატოტელი“ მახინჯაურში სარეკრეაციო ზონაში, ყოფილი სანატორიუმების – „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ ბათუმის მერიას პროექტი განსახილველად უკვე წარუდგინა. პროექტის არქიტექტორი ბექა თოიძეა.

შპს „სტატოტელს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაპიტალ ჰოლდინგი“ ფლობდა. ამ დროისათვის კი „სტატოტელს“ შპს „MRMU  ინთერნეშანალი“ ფლობს. ახალი მფლობელის რეგისტრაციის ადგილად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოა მითითებული.

კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილ პროექტზე თანდართული ვიზუალური მასალის [რენდერი] მიხედვით, შენობა სამი 12-სართულიანი კარკასისგან შედგება, რომელსაც ერთი სართული აერთიანებს. ბათუმის მერიას პროექტის შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული. ამ პროექტის შესწავლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მოუწევს, რადგან მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი.

ფოტო: პროექტის რენდერი

ყოფილი პანსიონატი „მზიური“

ჯამში 30 160 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 14 430 კვადრატული მეტრი შენობა კომპანიამ 2016 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობისგან, პირდაპირი წესით, 3 მილიონ 900 000 ლარად და პირობით შეისყიდა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, შპს „სტატოტელს“ ამ ადგილზე ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა უნდა დაეწყო, უკვე გადაცემულ შენობაში კი, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა გაეხსნა – კომპანიამ ათი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, „სტატოტელს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ამ დრომდეც უნდა დაეწყო, თუმცა ვალდებულებები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. სხვათა შორის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ვალდებულებების დროულად ვერ შესრულება ისევ მთავრობას  დააბრალა, თუმცა მაინც აპატიეს და ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო ჩამოაწერეს.

ხედი 12-სართულიანი შენობების გარეშე და შენობების აშენების შემთხვევაში

„სტატოტელის“ ქონების ნაწილი – „მზიური“ და „მახინჯაური“, 2006 წელს  1 ლარად გადასცეს კომპანია „აჭარის კურორტებს“, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფომ „აჭარის კურორტების“ მფლობელი„სილქ როუდ ჯგუფისგან“ ეს ქონება 2016 წლის  აპრილში დაიბრუნა. 

ამის შემდეგ, „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ქონება არ გაიყიდა.

შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ „სტატოტელს“ ორივე ტერიტორია გაცილებით უკეთესი პირობებით – 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცეს, 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის პირობით.

შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ ამ დროისათვის „სტატოტელს“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს. სინამდვილეში მფლობელი კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი