„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს.

„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს საბავშვო ბაღში სიარული უჭირთ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირება გზის კეთილმოწყობაზე, ასევე ბუნებრივ აირზე რამდენჯერმე მიიღეს. ბოლო დაპირებით, მარტში უნდა დაწყებულიყო სამუშაოები ბუნებრივი აირის სისტემის მოსაწყობად, თუმცა არავინ გამოჩენილა. მოსახლეობა აპროტესტებს იმასაც, რომ ბუნებრივი აირი ზედა კვირიკეს და ახლომდებარე სოფლებს უკვე მიეწოდებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა საავტომობილო გზის გათავისუფლება პოლიციამ ვერ შეძლო.

გზა დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაიხსნა, როცა ადგილზე მისული ქობულეთის მერის მოადგილე – სულხან მოწყობილი შეკრებილებმა სოფელში დაზიანებული გზის სანახავად წაიყვანეს.

საპროტესტო აქციის შესახებ „ბათუმელებთან“ განმარტება მერის რწმუნებულმა სოფელ კვირიკეში, ედიტა გოგიტიძემ გააკეთა. მან პროვოცირებული უწოდა საპროტესტო აქციას, თუმცა ვერ გვითხრა, ვის მიერ იყო აქცია პროვოცირებული. ედიტა გოგიტიძე ადასტურებს სოფელში გზის პრობლემის არსებობას და იმასაც, რომ ბუნებრივი აირის სისტემის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ბუნებრივ აირზე პროექტი უკვე არსებობს. როდის დაიწყება სამუშაოები, არ ვიცი, ეს „სოკარზეა“ დამოკიდებული. ქობულეთის მერი ივლისში შეხვდა მოსახლეობას და დაპირდა ამ სისტემის მოწყობას, მანამდე მერისგან დაპირება არ ყოფილა.

რაც შეეხება გზას, გუშინ რომ წვიმა არ ყოფილიყო, დღეს უკვე „გრეიდერი“ იქნებოდა გზაზე, მოსახლეობამ ამის შესახებ იცოდა და მე ამიტომ მგონია ეს აქცია პროვოცირებული. გზა აქამდე ვერ შეკეთდა, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ელოდა რაღაც ეკონომიებს. შიდა საუბნო გზაა დაზიანებული და დეპარტამენტის წარმომადგენელი დამპირდა, რომ როგორც კი ორი დღე ამინდი იქნება, გამოვიყვანთ ტექნიკასო,“ – გვითხრა ედიტა გოგოტიძემ.

 

ქობულეთში საავტომობილო გზა გადაკეტეს. „ბათუმელების“ ფოტო

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი