ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმი – “ჩემი ბებია”. 

დღეს კინოფესტივალმა ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს გადასცა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრში, 17 სექტემბერს, დილიდან შეგეძლებათ.

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოს“ გარდა სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com