რა შემოუთვალა ლავასოღლიმ მოსამართლეს



“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – ეს ფრაზა დღეს სამივე ბრალდებულმა თქვა მოსამართლის ტრადიციული შეკითხვის საპასუხოდ: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს. ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს დააკავეს.

დღეს, 12 სექტემბერს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სამ ნაწილად იმართება.

პირველ სხდომაზე ოთხი ბრალდებულის საქმე განიხილეს, მათ შორის, ერთი – მინდია ლავასოღლი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ის საქართველოში არ იმყოფება.

“სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მას ბრალი განუმარტოს,” – თქვა თუ არა ეს მოსამართლემ, დარბაზში ლავასოღლის დამცველი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე წამოდგა.

“რაც დამაბარა ლავასოღლიმ, ის მინდა გითხრათ…” – დაიწყო ადვოკატმა.

“ბრძანეთ,” – დაინტერესდა მოსამართლე.

“ლავასოღლის უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მას ეუბნებიან, რომ თუ ჩამოვა, დააკავებენ. ეუბნებიან, რომ მას საქართველოში ცხოვრების უფლება არ აქვს. დამიბარა მეთქვა, რომ ეს ბრალდება არის აბსურდი და ბუტაფორია,” – დაასრულა ადვოკატმა.

ბრალის გაცნობის დროს მოსამართლეს ივანე გიგიაძის შეჩერება გაუჭირდა.

“მე ვარ ივანე გიგიაძე, ზედმეტსახელად ბათურას მეძახიან…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ივანე გიგიაძის თქმით, მას „უშიშროების სამსახურის“ თანამშრომლები უკავშირდებიან ციხეში.

“მეუბნებიან, რომ თითქოს მე ლავასოღლისთან რამე მქონდეს. მინდია ჩემი მეგობარია და მას თუ ტელეფონით დავურეკე, ამით მგონი დანაშაული არ ჩამიდენია…

შევდივარ ციხეში და მეკითხებიან, ვინ ხარ, ქურდი ხარ? ვპასუხობ, რომ მე ვარ ბიზნესმენი.

მე 62 წლის ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგ პროცესებს ვეღარ დავესწრები, ბატონო მოსამართლევ,” – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ივანე გიგიაძეს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ მხოლოდ ბრალის არსი გააცნო და კითხვაზე მოკლე პასუხი უნდა გაეცა.

“თქვენ არ ხართ ვალდებული ამტკიცოთ საკუთარი უდანაშაულობა. ეს პროკურატურამ უნდა დაადასტუროს. თან ჯერ საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა… ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – გაიმეორა შეკითხვა მოსამართლემ.

“არა, არ ვაღიარებ არაფერს,” – დასძინა ივანე გიგიაძემ.

მოსამართლის კითხვებს მოკლედ უპასუხეს ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ. ორივე მათგანი ბათუმელია და წარსულში ნასამართლევი.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი თქმით, პროკურატურამ კანონის დარღვევით მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერები.

დაცვის მხარე საეჭვოდ ხდის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებსაც, რომლის მიხედვითაც სატელეფონო ჩანაწერები ნამდვილად ბრალდებულებს ეკუთვნით.

“როგორ შეიძლება ექსპერტს სამ საათში მოესმინა და შეესწავლა 40 ჩანაწერი?” – კითხულობს ადვოკატი ირაკლი წაქაძე.

ამ ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ექსპერტმა ხმების შესადარებლად ბრალდებულების სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი გამოიყენა.

“დარბაზში ადამიანის ხმის ტემბრი იცვლება ჩანაწერში,” – ერთხმად აღნიშნავენ ადვოკატები.

“საუბარია გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა რამაზ შავაძემ. – “სასამართლოში დაიკითხება ექსპერტი და ადვოკატებს ექნებათ საშუალება, ყველა კითხვა დაუსვან მას…”

ივანე გიგიაძის კიდევ ერთი ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დაკავების დროს არ განუმარტეს დაკავების მიზეზი, რაც პროცედურული დარღვევაა.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ადვოკატმა მზია დიასამიძემაც. იგი შოთა კეკელიძის ინტერესებს იცავს.

“მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად უთვალთვალებდნენ. ეს იყო უკანონო თვალთვალი… ამ პირის პატაკის საფუძველზე წაუყენეს ბრალი შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს,” – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე.

“ეს პირი – ამირან ბერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ახორციელებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს… გამოძიება ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს,” – პროკურორ რამაზ შავაძეს ამ სიტყვების თქმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ შეაწყვეტინა.

“რა ამბავია, კენედი ხომ არ მოგვიკლავს?” – იკითხა მან. მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა.

“რა შუაშია ეს, რა შუაშია,” – ამ სიტყვების მრავალჯერ გამეორებით ბრალდებულმა აგრესიულად შეაწყვეტინა საუბარი საქმის მეორე პროკურორს, ფრიდონ ქარცივაძესაც. მოსამართლემ ივანე გიგიაძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

ივანე გიგიაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ბრალდებულისთვის საჭირო მედიკამენტის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. “მისი მდგომარეობა რთულია. გთხოვთ, ეს სასამართლოს შეურაცხყოფად არ მიიღოთ,” – თქვა მან.

“ვითვალისწინებ მის მდგომარეობას… თუმცა თავშეკავება მართებს,” – აღნიშნა მოსამართლემ.

მტკიცებულებები ამ საქმეზე 4 ტომია. მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ დღევანდელ პროცესზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან მასალებს დეტალურად უნდა გაეცნოს. წინასასამართლო სხდომა რამდენიმე დღის შემდეგ განახლდება, სადაც მოსამართლე გადაწყვეტს, დასაშვებია თუ არა პროკურატურის მიერ ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა ელით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ბრალდებულები  სხვადასხვა ასაკის მამაკაცები არიან: ყველაზე უფროსი – 62 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 26 წლის.

ბრალდებულები არიან:

  • მინდია ლავასოღლი
  • იმედა აბაშიძე
  • ივანე გიგიაძე
  • შოთა კეკელიძე
  • მარად წითელაძე
  • ბეჟან დეკანაძე
  • ბადრი ქობულაძე
  • რამაზ კომახიძე
  • გიორგი შავლიძე
  • ჯამბულ ნაკაშიძე
  • ზაალ ახვლედიანი

 

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი