„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გემულაურის მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მერია მათ სოფლის ტყეში აღმოჩენილ წყაროზე სათავე-ნაგებობის მოწყობას დაჰპირდა, თუმცა ახლა დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს.

„ჯერ გვითხრეს, თუ წყალს იპოვით, სოფელში მოყვანაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვიპოვეთ წყარო, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, შეამოწმეს, დაათვალიერეს. გაკეთდა პროექტი და ტენდერიც გამოცხადდა 300 ათას ლარზე,“-გვეუბება სოფლის მცხოვრები ირაკლი ირემაძე.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დუმბაძე ამბობს, პირველი ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზის  აღმოჩენის გამო ჩაიშალა, თუმცა მოგვიანებით ტენდერი ისევ გამოცხადდა.

„ამჯერად მერიამ ჩაშალა ტენდერი, რადგან მოსახლეობას უთხრეს, წყალი აღარ არისო“.

„ჩვენ წავედით და ვნახეთ, რომ წყალი იმაზე მეტი მოდის, ვიდრე თავდაპირველად იყო,“- გვითხრა ირაკლი ირემაძემ.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მერია მათ ახალი წყლის მოყვანის სანაცვლოდ, ჭაბურღილების შეკეთებას ჰპირდება, რაზეც მოსახლეობა უარს ამბობს.

„ეს ჭაბურღილები წლებია აღარ მუშაობს. ბევრჯერ იყო მისი ფუნქციონირებისთვის თანხები გამოყოფილი, მაგრამ ისევ გაფუჭებულია. მესმის, რომ ჭაბურღილის ამუშავება უფრო იაფი ჯდება, მაგრამ მომგებიანი არ არის, რადგან ჭაბურღილში წყალი არ არის ისეთი სუფთა, როგორც წყაროს წყალია.

გარდა ამისა, ჭაბურღილის მოვლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იმ სათავე-ნაგებობის, რომელსაც გავაკეთებთ,“- ამბობს ირემაძე.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძესაც ესაუბრა. მერი ამბობს, რომ სათავე-ნაგებობის მშენებლობა იმიტომ შეწყდა, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის.

„იქ უნდა გაკეთებულიყო 160-ტონიანი ავზი, რომელსაც 101 ოჯახის მომარაგება შეეძლო, თუმცა ის წყალი ამ ავზს ვერ შეავსებს და ნახევრად ცარიელი იქნება.

დღე-ღამეში 70 ტონა წყალი ჩამოვა, რაც ერთ მოსახლეზე 600 ლიტრიც არ გამოდის. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა იზრდება და ეს ნაგებობა სოფელს წყლით ვერ უზრუნველყოფდა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რაში აპირებს მერია 300 ათასი ლარის გამოყენებას, ვარდმანიძე ამბობს:

„ჭკვიანურად განვკარგავთ. ამ სოფელში ჭაბურღილები ფუნქციონირებს და კიდევ ერთი ჭაბურღილის გაკეთებას ვგეგმავთ“. თუმცა ამ დროისთვის რამდენი ჭაბურღილი ფუნქციონირებს, ვარდმანიძეს არ ახსოვს.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com