კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს.

კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის სატყეო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

თანამდებობრივი სარგო 2400 ლარია.

ვაკანტურია ასევე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაც. ეს თანამდებობა ეთერ მაჭუტაძემ დატოვა. საკონკურსო მოთხოვნები იდენტურია, თუმცა ბევრად მაღალია თანამდებობრივი სარგო – გამარჯვებულ კანდიდატს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 3200 ლარი დაენიშნება.

კონკურსია გამოცხადებული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზეც, ამ თანამდებობაზე სარგო 2600 ლარია.

კონკურსით შეარჩევენ სსიპ „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორსაც, თანამდებობრივი სარგო 2200 ლარია. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი ნონა ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

თანამდებობაზე ხელფასი 2200 ლარია.

მთავრობა კონკურსის წესით შეარჩევს ასევე დასაქმების სააგენტოს დირექტორსაც. ამ თანამდებობაზე კი ხელფასი 2000 ლარია.

სსიპ-ების დირექტორების შესარჩევად აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებს ტესტირების გავლა არ მოუწევთ. მათ მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტებით შეაფასებენ, ასევე შეიძლება დამატებით გაესაუბრონ კიდეც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი