„არ ვიცი, რა მოხდა“ – ბრალდებული ლიფტში ქალისთვის 55 ჭრილობის მიყენებაზე



„არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს ვიტყვი,“ – ამბობს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გერმანე ჩ. მას აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ედება ბრალი. შემთხვევა ბათუმში 27 მაისს მოხდა.

„საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ისევ მძიმედაა. ყველა მეორე დღეს კლინიკაში დადის,“ – გვითხრეს დაჭრილი ქალის ოჯახის წევრებმა. მათი ვერსიით, თავდამსხმელს ქალის გაძარცვა უნდოდა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მიიყვანა.

„ჩამოხსნა ოქროს ყელსაბამი… მერე მეზობლები გამოჩნდნენ და გაიქცა,“ – გვითხრა დაზარალებული ქალის ოჯახის წევრმა.

„ძარცვა ამ საქმეში არ იკვეთება… მას არაფერი წაუღია. გაურკვეველია თავდასხმის მიზეზი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს სრულად აღიარებს,“ – აღნიშნა ადვოკატმა, დიანა ვაჩეიშვილმა.

ადვოკატის თქმით, გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია, მაგრამ ექსპერტიზა ამ კუთხით არ დანიშნულა. ექსპერტიზას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არც ბრალდებულის ოჯახი ითხოვს.

ბრალდებული გერმანე ჩ. 26 წლისაა, მეზღვაური. ის შემთხვევის მეორე დღეს ბათუმში დააკავეს.

ადვოკატი დიანა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს ციხეშიც შეხვდა, მაგრამ მომხდარზე მაინც ვერაფერი გაიგო.

„ამბობს, რომ არ იცის, რა დაემართა. იგივე მითხრა, რაც მოსამართლეს უთხრა,“ – დასძენს ადვოკატი.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს 55 ჭრილობა სხეულზე დანით აქვს მიყენებული. აქამდე ცნობილი იყო, რომ ქალს 16 ჭრილობა ჰქონდა.

ამ საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანი მოწმეების ჩვენებებს ვერ მოისმენს, რადგან მტკიცებულებებს ბრალდებული უდავოდ მიიჩნევს.

ბრალდებული საბოლოო სიტყვას მოსამართლეს 31 აგვისტოს ეტყვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი