„გოუ რობ, გოოოოოუ!” – რობერტ პლანტის კონცერტი შეკვეთილში

როკ-ენ-როლი სიყვარული, ცეკვა, მხიარულება და იმავდროულად დიდი პროტესტიცაა ყველაფერზე, რაც ამ სამს ოდესმე ხელს შეუშლის.
როკ-ენ-როლი არც სქესს და ასაკს ცნობს: ამაში რობერტ პლანტის კონცერტამდე ორი საათით ადრე, „ბლექ სი არენას“ ეზოშიც კი დარწმუნდებოდით. პლანტის მსმენელებს ასაკი არ აქვთ: ბაბუა-ბებიები, მშობლები და შვილები, შვილიშვილები: სასწაულის მომლოდინე სახეებით ყველა იღიმის. ყველა კარგ ხასიათზეა.

მსმენელი ჯერ ეზოში დასეირნობს, დარბაზიდან კი „ქაშმირის“ პირველი აკორდები გაკრთება დროდადრო: და და დამმმ, და და დამმმ, და და დამმმ! –  ხმას ამოწმებს პლანტი. ჩალისფერკულულებიანი ბიჭი, თითქოს ზემოთხსენებული თაობების პოსტერებიდან გადმოვიდა და შენს თვალწინ გაცოცხლდა.

დიდი საქმე, თუ პეიჯი პლანტთან აღარ უკრავს. დიდი საქმე, თუ ჯონ პოლ ჯონსიც არ იყო სცენაზე. დიდი საქმე, თუ ჯონ ბონემმა საერთოდაც ბენდი კი არა დედამიწა დატოვა და აღარ არის.

აქ პლანტია, მსმენელთან და როცა მღერის, მღერის თავგანწირვით, ისე, როგორც როკ-ენ-როლის უკანასკნელი, დაღლილი და ბევრისმნახველი მეფის სიმღერა წარმოგიდგენიათ.

რა მოხდა თუ Led Zeppelin-ი დაიშალა, როკ-ენ-როლი ხომ ერთი დიდი „მერე რა მოხდაა“ – გიჟური ცეკვა დიდი ნგრევების, ომებისა და სისასტიკის საპასუხოდ. გვეცვას ეს ფერადი მაისურები წარწერით: Led Zeppelin. Led Zeppelin. Led Zeppelin. თუ მკითხავენ, პლანტის გარდა კონცერზე რა ვნახე, ვუპასუხებ, რომ Led Zeppelin-ის იმდენი მაისური, რამდენიც ერთად არასდროს მინახავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ პლანტის ახალ პროექტს Robert Plant and Sensational Space Shifters-ი ქვია, მსმენელთა უმრავლესობას როკ-ვარსკვლავის ხსენებაზე პირველად მაინც Led Zeppelin-ის ასოციაცია აქვს. თუმცა გიტარისტის ლიამ ტაისონის და მევიოლინე სეთ ლეიტმანის სოლოებზე მსმენელს ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც თავის დროზე ჯიმი პეიჯის სოლოებზე ექნებოდა.

კონცერტზე ლეიტმანის ვიოლინოს სოლო-პარტიებმა პლანტის ტონალობა ირლანდიური მუსიკის ელემენტებით გააფერადა და ფოლკის რიტმებზე გაახურა მსმენელი.

ყველაფერი სცადეს ბიჭებმა თითქმის ორსაათიანი კონცერტის სეტლისტი მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო.

„Going To California“, „Babe I am gonna leave you“, „Whole Lotta Love“  და ბევრი სხვა რამ დაუკრა ბენდმა ძველი რეპერტუარიდან. მსმენელი მთელი საღამო ცეკვავდა Sensational Space Shifters-ის რიტმებზე, თუმცა შიგადაშიგ ქაშმირის მოსმენის შეუძლებლობაზე მოწუწუნეთა ხმებიც გაისმოდა აქა იქ.

ყველა თავის საყვარელ სიმღერას ელოდა კონცერტზე, ძირითადად „ლედ ზეპელინის“ რეპერტუარიდან, თუმცა როცა Sensational Space Shifters-თან ერთად ჩაწერილი მეთერთმეტე ალბომიდან „Carry Fire“-დან პლანტმა რამდენიმე სიმღერა იმღერა, ზუსტად ის წყვილი აყვირდა მთელი ხმით და აღარ გაჩერდა, ვინც „უქაშმირობაზე“ წუწუნებდა ცოტა ხნის წინ.

„გოუ რობ, გოოოოოოოოუ!“

ოცზე მეტი სიმღერა თითქმის ორი საათის განმავლობაში, პაუზის გარეშე, დარბაზში მთელი ამ დროის განმავლობაში ცეკვა და ჟივილ-ხივილი არ შეჩერებულა, თუმცა ისევე როგორც ყველაფერი, რაც ძალიან გიყვარს, პლანტის კონცერტიც „ცოტა იყო” და გინდოდა მთელი ღამე გაგეგრძელებინა ცეკვა. საღამო დასრულდა სიმღერით „Whole Lotta Love”. უასაკო რობერტ პლანტმა აპლოდისმენტების დასასრულს სცენა ხტუნვა-ხტუნვით დატოვა.

დაგვიტოვა ასევე დიდი საიდუმლოს პატარა გასაღები: ხელშესახები შეგრძნება იმის, რომ დრო და ასაკი ქრება, თუ გემღერება, თუ ცეკვა მთელი გულით გიყვარს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან