განათლება,მთავარი,სიახლეები

ვის შეუძლია მიიღოს 50 ათასი ლარი – კონკურსის დეტალები

05.07.2018 • 2463
ვის შეუძლია მიიღოს 50 ათასი ლარი – კონკურსის დეტალები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისა და თანამშრომლობის კულტურის გასაძლიერებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.

ვინ აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება?

საკონკურსო პირობების მიხედვით, გრანტის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ არაკომერციულ იურიდიულ პირებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ფიზიკურ პირებს, კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

გრანტის მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს  განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია 2018 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩაატაროს არანაკლებ 6 რეგიონალური შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან დეცენტრალიზაციის საკითხებზე.

თბილისში არანაკლებ ორი შეხვედრა, თელავში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი მინიმუმ ერთი შეხვედრა.

ამ შეხვედრების მიზანი უნდა იყოს „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების სასკოლო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა კონკრეტული საკითხების განხილვის, დისკუსიების, პროფესიული საჭიროებების დადგენის და დირექტორებისთვის რეკომენდაციების შემუშავების გზით.

ამისთვის საჭიროა, რომ ორგანიზაცია გაეცნოს ლიდერობის აკადემიის ტრენინგმოდულებს და საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის გათვალისწინებით.

თემატურ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 30 და არა უმეტეს 80 დირექტორი. მათი შერჩევა უნდა მოიცავდეს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის საჯარო სკოლებს, მათ შორის მცირეკონტინგენტიან სკოლებს. უნდა იყოს გათვალისწინებული არაქართულენოვანი სექტორებიც.

შეხვედრის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 საათი. შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ მოხდეს პროექტის ტრენინგმოდულების თემატიკიდან, ადგილობრივი კვლევების საფუძველზე ანდა პროექტის ფარგლებში დადგენილი საჭიროებებიდან არანაკლებ 3 თემის დაფარვა, ხოლო საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტი მოიცავდეს გამოკითხვას ყველა აქტუალურ საკითხს.

რეგიონულ დონეზე შესაძლებელია სხვადასხვა თემატიკის შეხვედრების ორგანიზება.

2019 წლის იანვარი-მაისის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ორგანიზება უნდა გაუწიოს დირექტორთა თემატურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით, პროექტის მიერ შემუშავებულ დირექტორთა კვარტალურ შეხვედრებს მოდელის მიხედვით.

შეხვედრების თემატიკა უნდა დაიგეგმოს კვლევების, უკუკავშირის და ორგანიზაციის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული დირექტორთა კვარტალური შეხვედრების მოდელი და განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია განმცხადებლებს მოთხოვნის საფუძველზე მიეწოდება, რის შესახებაც წერილობით უნდა მიმართოს ცენტრს.

თემატურ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 10 და არაუმეტეს 35 მსმენელი. საქმიანობის შედეგად უნდა დაიფაროს საჯარო სკოლების დირექტორთა მინიმუმ 80%, რაც გულისხმობს სამუშაო შეხვედრებში, მინიმუმ ერთხელ, დირექტორის მონაწილეობას.

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალურ დონეზე თემატური შეხვედრების ჩატარება, რათა მოხდეს სამიზნე ჯგუფების მაქსიმალური ჩართვა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების მინიმუმ 30%-ში თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა და წარმართონ იგი.

ორგანიზაციამ რელევანტური ინსტრუმენტების (დაკვირვება, გამოკითხვა, ანგარიშების მოთხოვნა) გამოყენებით მონიტორინგი უნდა გაუწიოს შეხვედრების ჩატარებას და აწარმოოს ინფორმაციის აღრიცხვა ჩატარებული შეხვედრების და მონაწილეების შესახებ, ასევე, ცენტრთან ანგარიშგების ეტაპზე საჭიროებისამებრ წარმოადგინოს შეხვედრების, გამოკითხვების, ფოკუს ჯგუფების ჩატარების დამადასტურებელი

დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო ფორმები, ტრანსკრიპტი, ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, ანკეტები და ა.შ.) და რეკომენდაციები დირექტორთა საქმიანობის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ.

საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ცენტრის ინფორმაციით, სკოლის დირექტორებში მნიშვნელოვნად დაბალია ისეთი დირექტორების წილი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სწავლების ახალი მიდგომების შესამუშავებლად მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის წახალისებაზე.

„ ეროვნულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

პოზიტიურ სასკოლო გარემოს აძლიერებს მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა. პოზიტიური სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს.

ასევე, მმართველ გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას, თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის პატივისცემას“.

საგრანტო კონკურსში განაცხადები მიიღება 2018 წლის 4 ივლისიდან 30 ივლისის 18:00 საათამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: