კონკურსი ნიჭიერი რეჟისორებისა და პოეტებისათვის

წელს, 27-30 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ გაიმართება, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექვსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები.

ასევე, წელს ფესტივალს დაემატა „კინო-პოეზია“, რომელიც მოიცავს რეჟისორების და პოეტების თანამშრომლობით ვიდეორგოლების შექმნას.

ფესტივალის ორგანიზატორები კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევენ ახალგაზრდა რეჟისორებსა და პოეტებს, რომელთაგან 6 რეჟისორი და 6 პოეტი შეირჩევა. რეჟისორები თავიანთი კამერებით გადაიღებენ ვიდეორგოლებს, პოეტების მიერ შექმნილ ლექსებზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ნიმუშები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: arttsentri@gmail.com

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ სრულ ექსპედიციაში და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფასიან საჩუქრებს.

ცნობისათვის, ფესტივალი „ზე–კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ფესტივალი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შუახევის მერიის, ხულოს მერიისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ მხარდაჭერით.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, გაზეთი “აჭარა”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი