მთავარი,სიახლეები

ბრალდებული: ცოლს ბინის ქირის გადახდას ვთხოვდი და მაშინ დავარტყი

27.06.2018 • 2248
ბრალდებული: ცოლს ბინის ქირის გადახდას ვთხოვდი და მაშინ დავარტყი

ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევას ბათუმში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა ამირან ა.-მ სახეში გაარტყა ხელი ცოლს 4 წლის შვილის თვალწინ.

პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოლთან კონფლიქტი ბინის ქირის გამო ჰქონდა.

„აჭარის მაღალმთიანეთიდან ვარ. 5 წლის წინ მოვიყვანე ცოლი და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. სულ მე ვიხდიდი ბინის ფულს… მე ტაქსისტი ვარ, ცოლი არსად მუშაობს.

იმ დღეს მოვთხოვე, ერთი თვის ბინის ფული დედაშენმა გადაგვიხადოს-მეთქი, უარი მითხრა და ამაზე მოგვივიდა კონფლიქტი. ჯერ სიტყვიერად შევკამათდით, მერე სახეში დავარტყი, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. პოლიციაში მეზობლის ქალმა დარეკა,“ – გვითხრა ბრალდებულმა.

მოსამართლე ამ საქმეზე მეზობლის და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვერ მოისმენს – დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უდავოდ მიიჩნევს, დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა.

ადვოკატის, ზვიად მარკოიძის თქმით, სასამართლოს უკვე ჩაბარდა ნაცემი ქალის წერილი.

„ის წერს, რომ ქმარს უკვე შეურიგდა. ქალი რუსეთის მოქალაქეა და აქ სხვა არავინ ჰყავს, მას არ უნდა, რომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდონ,“ – ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარის მოთხოვნით, მოსამართლე მხოლოდ დაზარალებული ქალის ჩვენებას მოისმენს.

საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ მას სხეულის მსუბუქი დაზიანება ჰქონდა ჯანმრთელობის მოუშლელად.

ბრალდებული ამირან ა. ბრალს სრულად აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: