მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა

21.06.2018 • 4275
აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში.

შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად შოთა ხეცურიანი დაინიშნა. „იუ ჯი თი ჯგუფს“ ოთხი პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან კომპანიის ყველაზე მეტ წილს – 85%-ს გრიგოლ ჭირაქაძე ფლობს [გრიგოლ ჭირაქაძე ა[ა]იპ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტიცაა]. 5-5%-ს ფლობენ ერმილე სულაძე, გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი.

დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორთა კრებას, რომელზეც შპს „ბათუმის იახტ კლუბი“ დააფუძნეს, მხოლოდ ერმილე სულაძე ესწრებოდა. ის იყო ასევე გრიგოლ ჭირაქაძის რწმუნებული ამ კრებაზე. პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადებულან გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი.

ქვემეიჯარე „რივიერასა“ და ქვემოიჯარე „ბათუმის იახტ კლუბს“ შორის ქვეიჯარის ხელშეკრულება რეესტრში 2018 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. საბოლოო ვადა 2037 წლის 30 ნოემბერია.

ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 2017 წლის დეკემბერში გადასცეს.

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა.

საიჯარო პირობით „რივიერა“ ვალდებულია 2018 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავება და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს ნავსაყუდელს, იახტკლუბს რესტორნით, პლაჟს, მშრალ დოკს, სახელოსნოს, მცურავი საშუალებების ტიპებს [ნავი, იახტა და ა.შ.], მათ კლასსა და რაოდენობას.

„რივიერა“ ასევე ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

ეს კი ის ტერიტორიაა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ [შპს „რივიერას“] საკუთრებაშია და სადაც კომპანიამ ჯერ „ტრამპ თაუერის“, მოგვიანებით კი „სილქ თაუერის“ აშენება დააანონსა.

„სილქ თაუერის“ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს. პროექტი მოიცავს „სილქ თაუერსა“ და „იახტკლუბის“ განვითარებას. ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაც საპარტნიორო ფონდმა თავად გაავრცელა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/127786/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/132532/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: