მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში მრავალწლოვან ხეებს ჩეხავს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია [ვიდეო]

05.06.2018 • 4799
მახინჯაურში მრავალწლოვან ხეებს ჩეხავს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია [ვიდეო]

მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჩეხავენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა.

ამ ინვესტორმა ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს სახით 1 001 325 ლარის გადახდა დაეკისრა.

„სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალი კომპანია – „MRMU INTERNATINAL“-ი მზად არის გახდეს „სტატოტელის“ პარტნიორი და უზრუნველყოს პროექტის სრულად დაფინანსება საპრივატიზებო ვალდებულების შესაბამისად იმ პირობით, თუ… სამინისტრო შპს „სტატოტელის“ პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს“.

კომპანია პროექტის შესასრულებლად ახალი ვადების დაწესებას და საპრივატიზებო საფასურის დაფარვის ვადის გადაწევასაც ითხოვდა.

შეთანხმება შედგა. აჭარის მთავრობამ შპს „სტატოტელს“ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა – 1 001 325 ლარი აპატია. ასევე გადაუვადა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები. შესაბამის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2017 წლის 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.

აქედან 5 დღეში კი, 2017 წლის 11 დეკემბერს, „სტატოტელის“ მთლიანი 100% წილი, მისმა დამფუძნებელმა „კაპიტალ ჰოლდინგმა“ 1 ლარად მიჰყიდა ლონდონში დაფუძნებულ „MRMU INTERNATINAL“-ს. შესაბამისად, „სტატოტელის“ მიერ აღებული ვალდებულება ამ კომპანიაზე გადავიდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია „სტატოტელს“ ქონების შეძენის საფასურის ნაწილი, 1 706 250 ლარი გადახდილი აქვს და ახალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც ასრულებს.

„MRMU INTERNATINAL“-ის ერთ-ერთი დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში არის ზურაბ ნასყიდაშვილი. ზურაბ ნასყიდაშვილი შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ დირექტორიცაა და ამ კომპანიის წილის 33%-საც ფლობს.

„ხეებს არ ვჭრით, ვასუფთავებთ ნარჩენებისაგან. მშენებლობას ვიწყებთ, პირველი ეტაპი შეთანხმებული გვაქვს [ბათუმის] მერიასთან. იქ ისეთი, რაც ბუნებას აზიანებს, არ ხდება, პირიქით, მაქსიმალურად შენარჩუნებულია ლანდშაფტი, გამწვანება. ახლა ვასუფთავებთ ტერიტორიას, რომ გეოლოგიური დასკვნები მივიღოთ. პროექტი გვაქვს, რა თქმა უნდა, რაც გვინდა, რომ შევიტანოთ მერიაში დასამტკიცებლად, მაგრამ საბოლოო ტექნიკური მონაცემები გვინდა მიწის. სულ 3 თუ 4 დიდი ხეა მოჭრილი, აქედან ერთი საერთოდ მეწყერს ჰქონდა ჩამოტანილი, იქ ვერ იდგებოდა, ბეტონის ნაგებობაა იქ. რაც შეეხება „MRMU INTERNATINAL“-ს ინგლისური კომპანიაა, ინგლისური ინვესტიციაა, მე ვარ, უბრალოდ, ამ ინგლისური კომპანიის დირექტორი და ჩვენს მფლობელობაშია ეს ქართული კომპანია „სტატოტელი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზურაბ ნასყიდაშვილმა.

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137080/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: