1 მილიონამდე ლარი 1113 შესაწამლი აპარატის შესაძენად, რომლებსაც ფერმერებს გადასცემენ

ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] 1 113 აპარატის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 989 457 ლარია გამოყოფილი. აპარატებს აგროპროექტების მართვის ცენტრი ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც უკვე გამოცხადებულია და ის 18 ივნისს დასრულდება.

აპარატები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად:

  • I ეტაპზე – 400 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარულ დღეში;
  • II ეტაპზე – 713 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეში;

თუმცა, მიმწოდებელს უფლება აქვს, ეტაპებს შორის განახორციელოს დაგეგმილზე უფრო მეტი საქონლის მიწოდება [თუნდაც, მაგალითად, პირველი ეტაპის დასრულებამდე მთლიანი რაოდენობის ერთობლივად].

აპარატები აჭარაში ფერმერებს თანადაფინანსებით დაურიგდებათ. შესაწამლი აპარატის ღირებულების 80% ფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 20%-ს იხდის ფერმერი. ერთი მობილური აპარატის ღირებულება კი ტენდერის დასრულების შემდეგ დადგინდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე შეიძინეს და დარიგდა 2 044 ცალი შესაწამლი აპარატი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ აპარატში ფერმერმა, თანადაფინანსებით, მხოლოდ 180 ლარი გადაიხადა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com