აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის კონკურსის მონაწილე 148 პირი დაიბარა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა – ნანა შავაძემ მოუგო. საქმე 2016 წელს ჩატარებულ კონკურსს ეხება, რომელიც სასამართლოს შეფასებით, უკანონოდ ჩატარდა. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისია შეიკრიბა და 148 პირის გასაუბრებაზე ხელახლა დაბარება გადაწყვიტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ სამინისტროს კონკურსში გასაუბრება გაიარეს. კონკურსის ყოფილ მონაწილეებს შეტყობინება უკვე გაუგზავნეს. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილებაც შეაჩერა.

ნანა შავაძე აჭარის განათლების სამინისტროში 2011 წლიდან მუშაობდა პროექტის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ კოორდინატორად. ეს პოზიცია 2016 წლის დასაწყისში განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გია თავამაიშვილმა გააუქმა და განათლების დეპარტამენტს დაუმატა ორი მთავარი სპეციალისტის შტატი. 2016 წლის მარტში ახალ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის ჩატარებამდე ნანა შავაძე ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

კონკურსის შემდეგ, მთავარი სპეციალისტების პოზიციებზე განათლების სამინისტრომ ნინო ნაკაშიძე და მაია დოლიძე აიყვანა. სამსახურიდან გათავისუფლებული ნანა შავაძე კი სასამართლოში წავიდა.

სარჩელში ნანა შავაძემ მიუთითა, რომ მას საკონკურსო კომისია დისკრიმინაციულად მოექცა, რადგან მისთვის კომისიის წევრებს არ დაუსვამთ კითხვები იმ საკითხებზე, რისი ცოდნაც საკონკურსო მოთხოვნებში იყო გაწერილი. „რას საქმიანობ და რა იდეები შეგიძლია შემოგვთავაზო?“ – მოსარჩელე განმარტავს, რომ მას გასაუბრების დროს მხოლოდ ეს კითხვები დაუსვეს და ამ ფორმით მისი კომპეტენცია ვერ შემოწმდებოდა, მაგალითად, როგორ ფლობს იგი კომპიუტერულ პროგრამებს, უცხო ენებს ან შესაბამის კანონმდებლობას.

სასამართლომდე ნანა შავაძემ დასაბუთება საკონკურსო კომისიასაც სთხოვა იმის გასაგებად, თუ რა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა გასაუბრების დროს. საკონკურსო კომისიას იმ დროისთვის სულიკო თებიძე ხელმძღვანელობდა [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]. პასუხი კონკურსანტისთვის კომისიის წევრს – ლადო მგალობლიშვილს გაუცია [ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი], კომპიუტერის ცოდნა კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდაო.

„ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა მხოლოდ დოკუმენტაციის გადარჩევას,“ – აღნიშნა გადაწყვეტილებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ „უსაფუძვლო უპირატესობა“ მიანიჭა გამარჯვებულ პირებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საკონკურსო კომისია გასაუბრების დროს სუბიექტურ შეხედულებებს კი არა, მომზადებულ კითხვარს და შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს უნდა ეყრდნობოდეს, რაც არ მომხდარა.

„ვინაიდან სასამართლო დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლების მოსაზრებას და შეხედულებას. იმისთვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია უნდა იყენებდეს შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის,  ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. შეფასების კრიტერიუმების არარსებობის პირობებში კი, ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიქტური შეხედულებების გათვალისწინებით უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით“, – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2017 წლის 6 ივლისს არის მიღებული.

ამ სასამართლო გადაწყვეტილებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია – სასამართლოს განხილვის დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გასაუბრების დროს ვიდეოკამერა ჩართული არ იყო, რადგან კონკურსანტს ამის სურვილი არ გამოუხატავს. მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიას სხვა მეთოდებით უნდა მოეხდინა გასაუბრების ფიქსაცია, „მაგალითად, სტენოგრამით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი ეტაპის წარმართვის კანონიერების შემოწმება“, – დასძენს მოსამართლე.

ამ გადაწყვეტილებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნანა შავაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში ძირითადად დისკრიმინაციის კუთხით მსჯელობს და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის დასადასტურებლად მოსარჩელეს კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარედგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის განათლების სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2017 წლის 7 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი თქვა და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ, 2018 წლის 14 მაისს, აჭარის განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისია შეიკრიბა. კომისიამ 2016 წელს ჩატარებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა და 148 პირს, ვინც იმ დროისთვის გასაუბრებაში მონაწილეობდა, შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გასაუბრებას განათლების სამინისტრო კანდიდატებს პირველ ივნისს ჩაუტარებს.

კომისიის ამ სხდომიდან 4 დღეში – 18 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძემ აჭარის განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განათლების სამინისტროს საკონკურსო სხდომის ოქმის მოქმედების შეჩერება დაადგინა „მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე,“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რეზო შავაძე, ნანა შავაძის ინტერესების დამცველი: „საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია კონკურსის შედეგი კონკრეტულად სამი პირის ნაწილში – ნანა შავაძის, რომელიც სამინისტროდან დაითხოვეს, ასევე მაია დოლიძის და ნინო ნაკაშიძის ნაწილში. ეს ორი პირი დასახელდა 2016 წელს კონკურსში გამარჯვებულად. განათლების სამინისტრო ახლა ჩიხშია, რადგან გასაუბრებაზე დაიბარა 150 კაცი, რომელსაც ვეღარ გაესაუბრება. სასამართლომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილებაც უკანონოდ მიიჩნია“.

„მართალია, გასაუბრებაზე 148 ადამიანი დავიბარეთ, მაგრამ მათ უკვე ვატყობინებთ, რომ გასაუბრებაზე აღარ უნდა მოვიდნენ,“ – გვითხრა ლიკა მკურნალიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სამინისტროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროში იციან. „გავასაჩივრებთ თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვითხრა მან.

რატომ გადაწყვიტა საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ჩატარება 148 პირისთვის, როცა სასამართლომ კონკურსის შედეგი მხოლოდ სამი პირის მიმართ გააბათილა? – ლიკა მკურნალიძე განმარტავს, რომ განმარტება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვა, სადაც მიიჩნიეს, რომ განათლების სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს სასამართლომ განმარტებაზე უარი უთხრა.

„კომისიამ მიიჩნია, რომ იმავეს გავიმეორებდით, თუკი სხვა პირებს არ მივცემდით გასაუბრებაში მონაწილეობის უფლებას. ამჯერად ვაპირებთ, მაგალითად, კომპიუტერულ პროგრამებში, ასევე უცხო ენებში შეფასდეს კონკურსანტი… გამოვიდოდა, რომ თანასწორობის პრინციპი დაირღვეოდა, თუკი ამ სამი კონკურსანტის გარდა სხვას არ ექნებოდა იმავეს შესაძლებლობა,“ – გვითხრა ლიკა მკურნალიძემ.

შეიმუშავა თუ არა სამინისტრომ სპეციალური კითხვარი გასაუბრებისთვის და შეფასების მეთოდი, რის აუცილებლობაზეც სასამართლო საუბრობს. აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ამ კითხვაზეც გვიპასუხა: „ვაპირებდით, მაგრამ შეჩერდა ჩვენი გადაწყვეტილება. ამაზე უნდა ემსჯელა კომისიას“.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი