კაფეს მიერ სრულად ათვისებული ტროტუარი – როგორ გავიაროთ ფეხით და ეტლით

კაფე „აჭარული ხაჭაპურის სახლს“ ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხარეს მაგიდებით ისე აქვს ათვისებული, რომ გავლა შეუძლებელია. იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულემ ქუჩის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მოახერხოს, ორი გზაა, ან ველობილიკზე გადავიდეს, ან რკინის კონსტრუქციებით შემოსაზღვრულ კაფეში გაიაროს. გარდა მაგიდებისა, კაფეს კედლის მხარეს  ცარიელი ბოთლებით სავსე ყუთები აქვს ჩამწკრივებული და ტროტუარს სათავსოდ იყენებს.

გორგასლის ქუჩის ამ მონაკვეთზე შეუძლებელია ეტლით მოსარგებლეების გადაადგილება.

„ბათუმელებმა“ კაფეს მენეჯერს, გურამ ხალვაშს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ნებართვა ტროტუარის ამ ფორმით ათვისებაზე. მისი განცხადებით, შესაბამისი ნებართვა მერიიდან მიიღეს. ხალვაშის თქმით, ცარიელი ყუთების ტროტუარზე დასაწყობების ნებართვაც აქვთ.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს ქუჩის ამ ნაწილზე ეტლით მოსარგებლემ გადაადგილება, ხალვაშმა გვითხრა:

„რა პრობლემაა, ავიღებ. შარშანაც გვქონდა დადებული და წელსაც დავდეთ. თუ რამე, სეზონის მერე ავიღებთ. ზამთარში არ დევს მაგიდები. დადიან ჩვეულებრივად. არის იქ დატოვებული გზა და გადიან-გამოდიან ჩვეულებრივად“.

ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე

„ბათუმელებმა“ მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ჰკითხა, რამდენად კანონიერად ჰქონდა კაფეს მეპატრონეს ტროტუარი სრულად ათვისებული. ზედამხედველობაში გვითხრეს, რომ ობიექტს გადაამოწმებენ და კითხვაზე ამის შემდგომ გვიპასუხებენ.

გასული წლის პრაქტიკის მიხედვით, კაფეები ხშირად სრულად ითვისებენ ტროტუარებს. შესაბამისად, ქვეითები იძულებულნი ხდებიან,  ავტომანქანების სავალ ნაწილზე იმოძრაონ.

საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობებზე ნებართვების გაცემისას მერია ბათუმის საკრებულოს 2011 წლის #8 დადგენილებით ხელმძღვანელობს. ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი