28 მარტს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის – „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქედას ესტონელი ექსპერტები -„ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ENUT) – ის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალბატონებთან და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ექსპერტებმა მსმენელებს მოტივირებული ქალის მიერ საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის, ბიოწარმოებისა და სტუმარ-მასპინძლობის წარმატებული მაგალითები გააცნეს. მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, გაცვალეს ინფორმაციები და მოისმინეს რეკომენდაციები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასოციაციის ,,ერთმანეთისთვის“თავმჯდომარესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედაში წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ:
დაათვალიერეს ღია სივრცე საზოგადოებისთვის – ,,ქედის ქალთა ოთახი“, ქედის კულტურის ცენტრში ქალების მიერ დამზადებული ხელნაკეთობები (თექა, ნაქარგობები, ტიხარი და ა.შ.). ასევე, ადგილზე გაეცნენ თამარ ბალაძის მეურნეობას სოფელ გეგელიძეებში.
თამარ ბალაძე 34 წლისაა და 11 წლის შვილს მარტო ზრდის. ბარიერები არ აშინებს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მეტიც, ქალაქიდან დაბრუნდა სოფლად და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი. სახელმწიფო პროგრამებით ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,ემპარდის“ ფარგლებში, გახსნა ყვავილების სასათბურე და ჟოლოს ბიზნესიც გასულ წელს წამოიწყო.
ბიზნესს ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად, ღვინის მარნის მოწყობის პროცესშია. პარალელურად თამარი აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში.
,,ქეისი“ სტუმრებისთვის უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.
სტუმრებს ოფიციალურად ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე მასპინძლობდნენ. სემინარისა და წარმატებული მაგალითების გაცნობის შემდეგ, მათთვის ქედის ღვინის საწარმოში ინფოტური მოეწყო, სადაც ასევე კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
ანსამბლ ,,ელესას“ და ,,ბეთლემის“ მიერ შესრულებულმა ფოლკლორულმა სიმღერებმა და ცეკვებმა სტუმრების ოვაცია დაიმსახურა
შეხვედრებისას ხაზი გაესვა ევროპული ქვეყნების დაახლოებასა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.