მთავრობა აჭარის სოფლებში წყლის მისაყვანად 50 მილიონ ევროს ისესხებს

„აჭარის წყლის ალიანსი“ მაღალი გამავლობის [ჯიპი] ავტომობილს შეისყიდის, რისთვისაც 54 424 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება. სხვა პირობებთან ერთად ავტომობილი უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული და ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნით: AW…AL [აჭარის წყლის ალიანსი], თეთრი ან ვერცხლისფერი, შესაძლებელია სხვა ფერზე შეთანხმებაც.

გამარჯვებულმა ავტომობილი სააქციო საზოგადოებას ხელმოწერიდან 40 დღეში უნდა მიაწოდოს.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის [წარმომადგენელი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] და აჭარის მუნიციპალიტეტების, მათ შორის ბათუმის [ქალაქის მერია] თანამონაწილეობით შექმნილი სააქციო საზოგადოებაა.

კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].

კომპანია, წესდების მიხედვით, აჭარის სოფლებსა და დაბების ტიპის დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა.

ამ პროექტს კი, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, „საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი: 20 მილიონი ევროა, პროექტის განხორციელების პერიოდად კი მითითებულია 2013-2020 წლები“.

„აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 20 მილიონ ევროზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია [პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, მაგრამ სესხის ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის], თუმცა ალიანსის შექმნის შემდეგ, საუბარია ამ პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გამოყოფაზე – ეს ჯერ ზეპირი შეთანხმებაა. აქედან 40 მილიონი ევრო იქნება სესხი, ხოლო 10 მილიონი ევრო – გრანტი. პროექტი 7-წლიანი იქნება.

„ჯერ თანხა გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, არც პროექტის განხორციელება დაწყებულა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დეტალების დაზუსტება. საკითხი ქვეყნის მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნდა მოაწეროს, შემდეგ დასჭირდება საქართველოსა და გერმანიის პარლამენტებში რატიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელება – გამოცხადდება ტენდერები კონსულტანტების შერჩევაზე, პროექტების შესყიდვაზე, მშენებელი კომპანიის გამოვლენაზე, რასაც დაახლოებით 1-1,5 წელი მაინც დასჭირდება. შემდეგ დაიწყება უშუალოდ სამუშაოები“, – განაცხადეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

პროექტით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია აჭარის დაბებსა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლისა და წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობა, რაც 24-საათიან წყალმომარაგებას და გამწმენდი ნაგებობების აშენებასაც მოიცავს. პირველ ეტაპზე შესრულდება ის სამუშაოები, რასაც 50 მილიონი ევრო გაწვდება.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები მოსახლეობის [იურიდიული პირების] გამრიცხველიანებასაც, შესაბამისად, წყლისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობისთვის გადასახადების დაწესებასაც გულისხმობს.

„ალიანსში“ აცხადებენ, რომ პროექტი პირველ ეტაპზე სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთს და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს, სადაც მოსამზადებელ ეტაპზე მოსახლეობასთან იქნება სამუშაო.

წესდების მიხედვით „აჭარის წყლის ალიანსი“ წარმოადგენს საკომუნიკაციო პლატფორმას წყლისა და წყალარინების კომუნალურ საწარმოებს შორის, ასევე მუნიციპალურ და სამთავრობო ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. კონსულტანტია გერმანული კომპანია MACS.

აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „აჭარის წყლის ალიანსისთვის“ გასულ წელს 33 800 ლარი იყო გამოყოფილი, მიმდინარე, 2018 წლის ბიუჯეტში კი კომპანიისთვის 67 600 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com