დღეს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 21 მარტს, მსოფლიოში მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსების იდეა ირანელ მეთოჯინეს, ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის და ინიციატივა მან 2000 წელს მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მე-18 კონგრესზე შეიტანა პირველად განსახილველად. მეთოჯინეთა დღე მსოფლიოში და მათ შორის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში,  წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება.

თამარ კახიძე თეატრის მხატვარ-მძერწავია, წელიწადნახევარია რაც თოჯინებზე მუშაობს და მათი გაცოცხლება უდიდეს სიამოვნებს ანიჭებს. თამარი სპექტაკლის გმირების შექმნის პროცესზე გვიყვება:

„ჯერ ვძერწავთ თოჯინებს, მერე ყალიბში ამოგვყავს, შემდეგ უკვე სპეციალური, გამძლე მასალით ხდება დამუშავება, მერე მხატვარი იწყებს ესკიზებზე მუშაობას, მკერავი არჩევს შესაფერის სამოსს და თოჯინებს მოსავს. ბოლო ეტაპი მსახიობისა და თოჯინის  შეხვედრაა, მსახიობს უნდა მოეწონოს პერსონაჟი და შეეგუოს. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ხასიათის ხუთი თოჯინა შეგვიქმნია, დაგვიშლია, აგვიწყვია, თავიდან გამოგვიძერწავს და ა.შ. მსახიობმა უნდა მოირგოს თოჯინა, ეს ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესია“.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

მერი დარცმელიძე თამართან ერთად მუშაობს მხატვარ-მძერწავად. მეცხრე წელია ამ საქმეს აკეთებს, პერსონაჟების შექმნისას საკუთარ წვლილზე ბევრი საუბარი არ უყვარს, გვიხსნის, რომ თითოეულ თოჯინაზე მთელი გუნდი მუშაობს.

„მხატვრები ვძერწავთ, მექანიკოსი გიორგი გოგიტიძე მექანიზმს უკეთებს და აცოცხლებს, მკერავი ლელა რუხაძე კი სამოსს უკერავს მარიონეტებს და ასე მზადდება სპექტაკლი“.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ, მხოლოდ ამას გვიმხელენ, კონკრეტულად რომელ ახალ სპექტაკლს დგამენ თოჯინების თეატრში, ჯერ საიდუმლოა, თუმცა პერსონაჟების შემქმნელი მხატვრები ამბობენ, რომ პატარებს წინ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი და ახალი საინტერესო წარმოდგენა ელით. თოჯინების თეატრის სახელოსნოში დიდი საიდუმლო ფუსფუსია.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან