მთავარი,სიახლეები

დეპუტატის კომპანიამ მეზობელ სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრები გააუქმა

12.03.2018 • 11525
დეპუტატის კომპანიამ მეზობელ სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრები გააუქმა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანია „ჩემი სახლი“ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან სახლს აშენებს. ახალი სახლი ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარე 1979 წელს აშენებულ სამსართულიან სახლს მიაშენეს. ახალი მშენებლობის გამო მომიჯნავედ, სამსართულიან სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს ფანჯრები გააუქმეს, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დეპუტატის კომპანიამ მათ სახლზე ნაწილობრივ მოჭრა სახანძრო კიბე  და კედლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი ოჯახის კონდიციონერი.

მშენებლობის დაწყებამდე

მშენებლობის დაწყებისა და ორი სართულის აშენების შემდეგ

სამსართულიან სახლში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება მათ თავს. ამბობენ, რომ მათ ამისთვის კომპანიასაც მიმართეს, მის დეპუტატ მფლობელსაც და ბათუმის მერიასაც, თუმცა მშენებლობა გრძელდება. სახლის ექვსი ფანჯარა პირველ და მეორე სართულებზე უკვე კედელს მიღმაა დარჩენილი და დღის სინათლის ნახვა მხოლოდ მესამე სართულზე დარჩენილი ერთი ფანჯრიდან შეიძლება, რომელსაც ასევე მალე ამოაშენებენ.

კომპანია „ჩემ სახლში“ წილების 50% უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის.

ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მცხოვრებლები სალომე მეგრელიშვილი, მაიკო ბაკურიძე და მანანა გორგილაძე ამბობენ, რომ კომპანიის ოფისში ისინი დეპუტატ მფლობელს რამდენჯერმე შეხვდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დეპუტატმა ამ შეხვედრების დროს მათ დასცინა:

„იმდენად უტაქტოა, რომ არც ღირს მასთან ლაპარაკი. ერთადერთი, რაც მაგან გვითხრა – „ფარაი გინდათო“. გვიგდებს. იცით, რა კითხვა მაქვს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უნდა დაეხმაროს ხალხს და არა ფანჯრები ამოუქოლოს. პირიქით ხომ უნდა იყოს? მოვითხოვთ, რომ მედიამ ამ დეპუტატის სახე აჩვენოს. ჩვენ ხომ ხმა მივეცით, ეგენი ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ.“

მოქალაქეების თქმით, ხიმშიაშვილის #18-ში, მშენებლობაზე არ არის პროექტის ბანერი განთავსებული, რაც კანონით სავალდებულოა. იმის გასარკვევად, თუ რატომ დაამტკიცა ბათუმის მერიამ პროექტი, რომელიც მათ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, სალომე მეგრელიშვილი, მაიკო ბაკურიძე და მანანა გორგილაძე მუნიციპალიტეტში მივიდნენ. სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებთა თქმით, მერიისგან ვერავითარი კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს:

„პროექტი გამოვითხოვეთ და მეორე ქუჩის – თაყაიშვილის პროექტი გამოგვიგზავნეს, ჩვენ ვართ სელიმ ხიმშიაშვილზე. მშენებლობა ჭავჭავაძის ქუჩიდან იწყება და შემოდის ჩვენ მხარეს – P-ტიპის სახლია, ანუ შენობა ბლოკებად არის დაყოფილი და სხვადასხვა მისამართი აქვს. მერიამ პროექტის ის ნაწილი გამოგვიგზავნა, რომელიც თაყაიშვილის მხარეს შენდება. ჩვენს მხარეს სახლზე არც სამშენებლო ბანერია გაკრული, არც ნებართვის ნომერი, არც ნებართვის გაცემის თარიღი“.

ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებთა თქმით, საინფორმაციო ბანერი მშენებლობაზე გუშინ, 11 მარტს გამოაკრეს. ბანერზე არ არის მითითებული ინფორმაცია იმაზე, თუ როდის გაიცა მშენებლობის ნებართვა, ეს არც კომპანია „ჩემი სახლის“ წარმომადგენლებს ახსოვთ. „ზეპირად არ ვიცი, გადავამოწმებ და ხვალ დარეკეთ“, – გვითხრეს აქ.

მოქალაქეებმა პოლიციასაც მიმართეს – იმის გამო, რომ მშენებლობა ღამის საათებშიც არ ჩერდება და გამაყრუებელი ხმაურის გამო ოჯახებმა სიმშვიდე დაკარგეს. ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციამ მათი განცხადება ბათუმის მერიას გადაუგზავნა, მერიაში კი არც ამაზე ჰქონდათ რეაქცია.

„იცით, რა მოხდა – სანამ ჩვენ ვცდილობდით სამართლებრივად გაგვერკვია რაღაც, ამასობაში კომპანიამ სახლზე არსებული სახანძრო კიბე მოგვიჭრა. ჩემი კონდიციონერი ისე ჩამოხსნეს კედლიდან, რომ არც კი შემთანხმებიან. მითხრეს, კედლის აყვანაში ხელს გვიშლიდაო“, – ყვება მაიკო ბაკურიძე.

სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებლების თქმით, მათ ერთადერთ იმედად სასამართლო რჩებათ. იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად მიიღეს ზიანი, გასული წლის ოქტომბერში მათ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართეს. სწორედ მას შემდეგ ცდილობენ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, თუნდაც პროექტის მოპოვებას, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოახერხეს.

„ექსპერტიზის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ექსპერტიზისთვის საჭიროა პროექტი… გამოთხოვიდან ერთი თვის შემდეგ კომპანიის იურისტი, ამირან ცეცხლაძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჩვენთვის გამოგზავნილი წერილი უკან დაუბრუნდათ. თითქოს ჩვენი მისამართი გვეწერა არასწორად. როცა ოფისში მივედით, იმავე დოკუმენტების მოთხოვნით, გვითხრეს, რომ „მაგ საბუთების დაქსეროქსებას ფული უნდა – 300-400 ლარი სჭირდებაო“. ასევე გვეუბნებიან, რომ დოკუმენტაცია აქვთ სხვადასხვა ობიექტზე და ყველაფრის ერთად თავმოყრას დიდი დრო სჭირდება“, – ამბობენ სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებლები.

დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე ირწმუნება, რომ კომპანიის საქმეები ორი წლის წინ მართვაში სხვას გადააბარა და მის საქმიანობაში არ ერევა. თუმცა იცის, რომ იქ მშენებლობა კანონმდებლობის ნორმების დაცვით მიმდინარეობს: „მე როგორც ვიცი, ჩვეულებრივად ნებართვაა გაცემული, მიმდინარეობს კანონის ფარგლებში და ჩვეულებრივად, როგორც არის ისე, ზუსტად არ ვიცი, როდისაა გაცემული – ადრე გაცემულია“.

დეპუტატი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გასარკვევად პირადად მას შეხვდნენ კომპანიის ოფისში. „იყვნენ ოფისში, ულაპარაკიათ, რა ილაპარაკეს არ ვიცი. ჩემთან? – მე მაგ საკითხებში არ ვერევი და რა აზრი აქვს. დაუკავშირდით კომპანიის დირექტორს ან იურისტს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.

კომპანიის იურისტი, ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ ხიმშიაშვილის #18-თან „ ჩემი სახლი“ 18-სართულიანი კორპუსს კანონმდებლობის ნორმების დაცვით აშენებს. მისი აზრით, კანონდარღვევით ფანჯრები მშენებლობის  მომიჯნავედ არსებულ სახლის მცხოვრებლებს აქვთ გაკეთებული:

„ღიობი აქვთ დარღვევით გამოჭრილი, შესაბამისად, საზღვარზე ნებისმიერ მშენებელს შეუძლია დასვას შენობა-ნაგებობა – იქ საზღვარი დაცულია. სამწუხაროდ, მიახლოებულია, მაგრამ ეს კანონით დაშვებულია. საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილება განსაზღვრავს მანძილს, არის ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ თუ ღიობი კანონდარღვევით აქვს მეზობელ მიწის ნაკვეთს, შეიძლება საზღვარზე აუშენო ყრუ კედელი. ჩვენ ყრუ კედელს ვაშენებთ და სრული უფლება გვაქვს, რომ საზღვარზე დავსვათ ყრუ კედელი. ჩვენ რომ გვქონდეს ღიობი, ამ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა.“

რაც შეეხება სახანძრო კიბეს. ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ კომპანიას კიბე არ მოუჭრია და არც აპირებს, მაგრამ არ იცის შესაძლებელი იქნება თუ არა მისი გამოყენება სახლის აშენების შემდეგ: „დაზუსტებით ვერ გეტყვით, იქნება თუ არა იქ სახანძრო კიბის გამოყენება შესაძლებელი. მანძილი არ ვიცი დეტალურად რამდენია, არ გამიზომია.“

 

სახანძრო კიბე ორი სართულის აშენების შემდეგ. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მშენებელი კომპანია სახანძრო კიბეს არ აუქმებს.

– სახანძრო კიბე არ იხსნება რეალურად, სახანძრო კიბე და ვიწრო გასასვლელი რჩება, მაგრამ ფანჯრების სიახლოვეს მიდის. როგორც ჩემთვის ცნობილია, სახანძრო კიბე არ გადაუჭრიათ, დროებით მოხსნეს, შეუშალა ხელი და ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს.“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: