ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. წლის ბოლომდე მათი შემოწმება ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. წელს ბათუმში სულ 11 სილამაზის სალონი შეამოწმეს. გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, დარღვევები 11-ვე მათგანში დაფიქსირდა.

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა: თმის მოვლა/პარსვა, მანიკიური და პედიკიური, პირსინგი, ტატუირება და მიკროპიგმენტაცია, აკუპუნქტურა, ელექტროლიზისი და ვაქსინგი.

ეს პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, სალონებისა თუ კოსმეტიკური კაბინეტების შემოწმება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარით,  შერჩევითი მეთოდით ხდება. „მიმდინარე წელს 11 ობიექტი გვაქვს შემოწმებული. შემოწმებები გაგრძელდება. გავაფრთხილეთ 11-ვე ობიექტი. მათ მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის, რის შემდეგაც ისინი კვლავ გადამოწმდება. შესაბამისად, შეიძლება ერთი და იმავე ობიექტი რამდენჯერმე შევამოწმოთ. ამაში შეზღუდული არ ვართ. თავისთავად შემოწმდება ახალი ობიექტებიც,“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დათქმულ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას, იგი დაჯარიმდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 100 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 500 ლარის ოდენობით.

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ბათუმის სილამაზის სალონებში გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა ხასიათისაა, მათ შორის არის დეზინფექციის წესების დარღვევა, სტერილიზაციის პროცედურების დარღვევა, სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა და სხვა.

სილამაზის სალონები 2017 წელსაც შემოწმდა, მაშინ შერჩევითი წესით 30 ობიექტი შეამოწმეს, რომელთაგან 10 დაჯარიმდა.

როგორც გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, შემოწმებებს პერიოდულობა არ აქვს, შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესს კი კანონი არეგულირებს.

შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ:

  • არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესების ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;
  • იგი წარმოადგენს ფილიალს;
  • საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;
  • ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს;
  • სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა და ა.შ.

2016 წელს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, შემოწმება ლაბორატორიული მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდებოდა.

„პირველი შემოწმებები ამ კითხვარით გასულ წელს განხორციელდა, როცა 30 ობიექტიდან 10 ობიექტზე შევადგინეთ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს ვერ გეტყვით წინასწარ, საინფორმაციო კამპანია ვაწარმოეთ, დავარიგეთ ბევრი ბუკლეტი… ბევრი ყიდულობს ახლა სტერილიზაციის აპარატს, წლის ბოლოს გვეცოდინება შედეგი,“  – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ამავე თემაზე: სილამაზის სალონების შერჩევითი კონტროლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან