რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული.

ნახეთ ამ თემაზე: ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა კონტროლდება, სამშენებლო ნარჩენებს კი, როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანიები, ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მართვაზე მუნიციპალიტეტებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ.

ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო

ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა აკრძალულია, რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, ამბობენ, რომ ამ ტიპის ნარჩენებს მხოლოდ იმის გამო ყრიან, რომ ტერიტორიის მოსაპირკეთებლად მისი ამაღლებაა საჭირო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალთან, დამცავი კედელი მოეწყო, ტერიტორია უნდა ამაღლდეს, სწორედ ამის გამო ბალასტი თუ სხვა სამშენებლო ნარჩენები შეგვაქვს, რომლებიც ტერიტორიას არ ანაგვიანებს, აღნიშნული ტერიტორიის მოსაპირკეთებლად პროექტი მზადაა, ვმუშაობთ საჭირო თანხის მოძიებაზე.

პროექტით აღნიშნულ ტერიტორიაზე განათება და ბილიკი უნდა მოეწყოს, თუმცა მანამდე, როგორც აღვნიშნე, ტერიტორია უნდა ამაღლდეს, რის შემდეგაც მდინარისგან დამცავ კედელზე ერთი მეტრი სიმაღლის მოაჯირი გაკეთდება,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე, ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

იგი ამბობს, რომ სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც დაბა ქედაში სასპორტო სკოლის, პარკისა და სკვერის მიმდებარედ იყრება, საფრთხის შემცველი არ არის.

„ეს არის ჩვეულებრივი სამშენებლო ნარჩენები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს და საფრთხის შემცველი არ არის, თუ აღნიშნულ ტერიტრიაზე აგურს დააწყობ და შემდეგ მიწით დაფარავ, გასწორდება და არც ძვირი დაუჯდება მუნიციპალიტეტს მისი ამაღლება“.

ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი