ვის აწყობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმება

ხომ არ უქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს? – ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, როცა აჭარის კონსტიტუციის პროექტში, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალიდან გაქრა ტექსტი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება“.

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ამ ვარიანტს საბოლოოდ დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმებას ან მის ცესკო-ზე დაქვემდებარებას არაფერი შეუშლის ხელს.

აჭარის კონსტიტუციის პროექტში უსკო-ს შესახებ მხოლოდ ეს ჩანაწერია: „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია“.

ამ ჩანაწერის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, კონსტიტუციის საჯარო განხილვების დროს არაერთხელ თქვა, რომ უსკო-ს გაუქმებას არავინ აპირებს და რადგან შემაჯამებელ ოქმს ეს ორგანო შეადგენს, არჩევნებსაც ის ჩაატარებს.

„ეს ჩანაწერი არის სრულიად ბუნდოვანი,“ – მიიჩნევს არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის არ არის ერთადერთი, ვინც ამას ამბობს კონსტიტუციაში ახალ ჩანაწერზე უსკო-ს შესახებ. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმებას სამართლებრივად არაფერი შეუშლის ხელს.

არჩილ ხახუტაიშვილი: „ეს ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციურად არსებობს უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელსაც აჭარის საკანონმდებლო ორგანო აკომპლექტებს. საჯარო განხილვების დროს გააქტიურდა კითხვა: ხომ არ იქნება არჩევნების ჩამტარებლის განსაზღვრის პრობლემა? ვიცით, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს. ცესკოს დამატებითი პრობლემა არ ექმნება, თუკი უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ჩაატარებს, რადგან საარჩევნო სიები მაინც ცენტრალიზებულად მზადდება, ოლქები და უბნები მიბმულია ცესკოს რეგულაციებს, რჩება მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და დაცვის საკითხი. თან საუბარია იმაზე, რომ რას აკეთებს ეს უსკო ოთხი წლის განმავლობაში, რომ მას ფუნქცია არ აქვს. ისე გამოდის, თითქოს უსკოს შენარჩუნების მომხრე ვართ, მაგრამ რადგან არსებობს ავტონომიური რესპუბლიკა, უნდა არსებობდეს შესაბამისი ორგანოც, რომელიც ირჩევს. შესაძლებელია, ეს ორგანო შეიქმნას დროებით საარჩევნო წელს, ან არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ეს სხვა მსჯელობის საკითხია.“

„რაღაც გეგმა არსებობს და ჩვენ არ ვიცით,“ – გვითხრა კონსტიტუციონალისტმა, მალხაზ ნაკაშიძემ. ისიც მიიჩნევს, რომ უსკოს გაუქმება სამართლებრივად მარტივდება. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არჩევნების შედეგები შესაძლოა შეაჯამოს უსკომ, მაგრამ იგი არ იყოს ავტონომიის ორგანო. „კონსტიტუციის საჯარო განხილვების დროს ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე: რატომ არ ჩაწერეს კანონმდებლებმა პირდაპირ, რომ არჩევნებს აჭარაში უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

უსკოს გაუქმების არა, მაგრამ მისი ცესკოზე სრულად დაქვემდებარების მოლოდინი აქვს პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ევროპული საქართველოდან“. დეპუტატი აქცენტს უსკოს დაკომპლექტებაზე აკეთებს, რომელიც ამჟამად აჭარის უმაღლეს საბჭოზეა დამოკიდებული და არა ცესკოზე.

„ეს იქნება ცესკოს ფილიალი, რომელსაც ერთპარტიულად დააკომპლექტებენ და აჭარის ხელისუფლება ამაში ვერავითარ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ფორმალური კონკურსიც კი, რაც ახლა ტარდება, ისიც აღარ ჩატარდება,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძე განმარტავს, რომ უსკოს ამჟამინდელი შემადგენლობა კონკრეტული ვადით არის არჩეული და ამჯერად მათი დათხოვნა შეუძლებელი იქნება, „მაგრამ წლების შემდეგ იგი ცესკოს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული იქნება და მის დაკომპლექტებას ავტონომიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვეღარ განახორციელებს. თუ კანონში შესაბამისი ცვლილება განხორციელდება, ცესკოს შეუძლია, უბრალოდ, დაიქვემდებაროს იგი. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ უარი თქვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებაზე. ევროპული პრაქტიკა, რომ ავტონომიას აქვს არჩევითი ორგანო და ამ ორგანოს არჩევა არის რეგიონის კომპეტენცია. უსკო ეფექტურია თუ არა, ეს სხვა მსჯელობის საკითხია. მე ვამბობ, რომ თუ ეს საკითხი ბოლომდე გავიდა, იქნება დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი…“, – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძე.

ელოდებიან თუ არა უსკოს გაუქმებას თავად უსკოში – პარმენ ჯალაღონიამ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გვითხრა, რომ უსკო არ არის ორგანო, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილება შეაფასოს, მაგრამ „უპრიანი იქნება, თუ ჩაიწერება ატარებს და აჯამებს. უსკოს ძირითადი ფუნქცია არჩევნების ჩატარებაა“, – ამბობს ის.

უსკოს თავმჯდომარეს სჯერა, რომ კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერი კანონის წერის ტექნიკის ამბავია და არა ვინმეს სურვილი, რომ უსკო გააუქმოს.

პარმენ ჯალაღონია: „თუ მიზანი არის ის, რომ აჭარას არ ჰქონდეს ცალკე საარჩევნო ადმინისტრაცია, კონსტიტუციაში ფარული ჩანაწერი საჭირო არ იყო. უმაღლესი საბჭო პოლიტიკური ორგანოა და ამის თქმა შეეძლო ღიად და პირდაპირ. ამ ჩანაწერით საფრთხეს ვერ ვხედავ. საფრთხეები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ ასე შეფარულად არ იქნებოდა ამის გაკეთება საჭირო. იმდენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი აქვს უმაღლეს საბჭოს, რომ ეს პირდაპირ ეთქვა. მე ვესაუბრე უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შორის, თავმჯდომარეს – დავით გაბაიძეს. განწყობა ისაა, რომ გაუქმებაზე საუბარი არ არის“.

აპირებს თუ არა უმაღლესი საბჭო აჭარის კონსტიტუციის პროექტში არჩევნების საკითხის დაზუსტებას საჯარო განხილვების შემდეგ – ამ კითხვის დასმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სატელეფონო კომენტარს დავით გაბაიძე არ აკეთებს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის გასულ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 627 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი უსკოსთვის 636 600 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 590 000 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ ხელფასებისთვის. 2016 წელს [უმაღლესი საბჭოს არჩევნების წელი] კი უსკოს ბიუჯეტი 3 მილიონ 250 ათას 500 ლარი იყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი