ყოფილი პატიმარი: მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ვინ ვარ? „პეშკა!”

ამირან ცეცხლაძე ქობულეთიდან მოშორებით, სოფელ აჭში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 2008 წელს ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და მოხმარებისთვის შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. 2 სექტემბერს ამირანი დაიჭირეს, სამ დღეში მისი შვილიც, რომელიც, ახლაც საპატიმროშია და სასჯელს იხდის მეათე წელია.

ყოფილი პატიმარი, ამირან ცეცხლაძე: „ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ამბებია, ეს დღეებია აქციებიც ტარდება და როცა ხალხს რეაქცია და პროტესტი აქვს, ეს პროტესტი ყოველთვის მაშინ იწყება, თუკი საზოგადოებისთვის რომელიმე ცნობილ სახეს შეექმნება პრობლემა. აბა, ჩემნაირებისთვის ხმას ვინ ამოიღებს, ვინ ვარ მე?! „პეშკა“! მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, იყვნენ მოწმეები, იყო მტკიცებულებები, რომ არაფერი მქონია, მაგრამ არავინ არაფერი ისმინა და შვიდ-ნახევარი წელი მომისაჯეს. ყავარჯნებით გადავაადგილდებოდი და ციხეში ცემას გადავრჩი, სამაგიეროდ ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ სხვებს. მინახავს, როგორ სცემეს ადამიანი, ცემაში შემოაკვდათ და მერე კარცერში ჩამოკიდეს, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. მინახავს, როგორ ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ პატიმარს, მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზი ცოლი აკითხავდა და ამას შეახსენებდნენ კიდეც ცემისას, თითქოს ეს მისი დანაშაული იყო. ჩემი შვილი ახლაც ციხეშია, კიდევ  კარგი, ეს წამების პრაქტიკა შეიცვალა და შეიცვალა დამოკიდებულებაც პატიმრების მიმართ. ვერც კი ვიჯერებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში იგივე ჯოჯოხეთი აღარ არის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი“.

ყავარჯნებით, მაგრამ სახლის საქმეებში ჩართული

ამირან ცეცხლაძე და მისი ქალიშვილი შშმ პირები არიან, მათი პენსია 100-100 ლარია. ამირანის მეუღლე, ლიანა ქაჯაია, სოფლის კლუბში მუშაობს, მისი მცირე ხელფასი და შშმ პირების პენსია ოჯახის ძირითადი შემოსავალია. მართალია, ამირანი დასაქმებას ვერ ახერხებს, მაგრამ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რასაც დამჯდარი შეძლებს. მაგალითად, შეშა ტყიდან  მისთვის მეზობლებს მოაქვთ. ბენზოხერხი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პატიმართა გაძლიერების პროექტის ფარგლებში შეიძინა და დამჯდარს შეშის დახერხვა თავად შეუძლია.

„საგვარეულო ტყე გვაქვს, მეზობლები ყოველთვის მეხმარებიან შეშის მოჭრაში, ამაში თანხა არ მეხარჯება. ეს ხერხიც ცოტა ხნის წინ გადმომცეს და ზამთრობით შეშის და გათბობის პრობლემა მოგვარებულია“, ამბობს ყოფილი პატიმარი.

ამავე პროგრამით შეიძინეს მისთვის ელექტროცელი და შესაწამლი აპარატიც. თხილს, კაკალსა და ხეხილის ბაღს ამ ხელსაწყოების გარეშე სოფელში ვერ მოუვლი.

თხილი და კაკალი – რაც ფაროსანას გადაურჩა

ამირან ცეცხლაძე ამბობს, რომ ქობულეთში, სოფელ აჭში, ფაროსანას გამანადგურებელი რაოდენობა არ ყოფილა. „მიზეზი ალბათ ის არის, რომ ხალხმა დროულად შეწამლა ყველაფერი. ახლაც ვაკვირდები მიმდინარე ამბებს, დიდი თანხა გამოყო სახელმწიფომ მავნებელთან საბრძოლველად და აუცილებელია ყველამ დროულად ვუწამლოთ ეზოებს. ერთია, რომ სახელწიფო გაძლევს შესაწამლ საშუალებას და მეორე ამბავია, შენ თითონ დროულად და სწორად წამლავ თუ არა მცენარეებს“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ბევრი სხვა მაგალითისგან განსხვავებით ამირან ცცხლაძის თხილი და კაკალი სოფელ აჭში ფაროსანას გადაურჩა და მან წელს მოსავალი სრულად აიღო. ამბობს, რომ თხილის ჩამბარებლები თავად აკითხავენ სახლში, კაკალი კი ოზურგეთში მიაქვს ჩასაბარებლად. ფაროსანა აჭშიც გამოჩენილა წელს, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით და მალევე მოუსპიათ.

        „ნეტავ ვინმე ფუტკრებს დამიბრუნებდეს“

ამირანს ეზოში ხუთი ცარიელი სკა უდგას. ორი წელია ასე ცარიელია სკები, თუმცა მაინც ინახავს და ახალი სკების გამოთლასაც აპირებს, მაგრამ არ ჰყავს ფუტკარი. ორი წლის წინ ხუთივე სკაში ერთად ამოიხოცნენ არასწორი მკურნალობის ზემოქმედებით.

„იცით, როგორ მიყვარს ეს საქმე?“ -მეფუტკრეობაზე ამბობს ამირანი,- „ბაბუას ჰყავდა ფუტკრები და ძალიან მივეჩვიე მოვლას. მე და ფუტკრებს ისე გვესმის ერთმანეთის, სანამ დამეხოცებოდნენ პირბადისა და ხელთათმანების გარეშე ამომქონდა თაფლი სკიდან, არაფერს მვნებდნენ. ცუდი ხარისხის წამალი გავრცელდა და ორი წლის წინ ბევრს დაგვეხოცა. ნეტავ რამე პროგრამა კიდევ არსებობდეს ოჯახი შევიძინო. თაფლი სახლისთვისაც გვრჩებოდა, ვყიდდით კიდეც და ესეც შემოსავცლის ერთ-ერთი წყარო იყო“.

„ჩამოდით, ნახეთ როგორ ვცხოვრობთ“

„როცა მიმოსვლა აღსდგება, ჩამოდით, ნახეთ როგორ ვცხოვრობთ“, -გვეპატიჟებიან ამირანი და მისი მეუღლე, ლიანა ქაჯაია. ვერ ჩავდივართ. ტრანსპორტი, რომელიც სოფელ აჭში იშვიათად ჩადის, ახლა შესაკეთებელია და არ მოძრაობს. ოჯახს, სადაც ორი შშმ პირი ცხოვრობს და ერთი წევრი უკვე მეათე წელია პატიმარია, მძიმე პირობები აქვს. 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან