როგორ შეაფასებენ საჯარო მოხელეს და ვინ მიიღებს საკლასო დანამატს

საჯარო უწყებებში დასაქმებულ მოხელეს მიენიჭება მოხელის კლასი 1-დან 12-მდე და მიიღებს საკლასო დანამატს ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად. მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. თუმცა კლასის მინიჭებამდე მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეაფასონ. კლასის მინიჭება ამ შეფასების შედეგზეა დამოკიდებული.

შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა:

საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;

კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;

არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება:
  • პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ;
  • მე-7 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით  –  საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
  • მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
  • მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მოხელეს რომ პირველი კლასი მიენიჭოს, მან წელს, ასევე მომავალ 2019 წელს, უნდა მიიღოს საუკეთესო შეფასებები, ანუ პირველი კლასი მიენიჭება და შესაბამის დანამატს მიიღებს 2020 წლიდან.

ამავე მოხელეს რომ მეორე კლასი მიენიჭოს, მან 2020-2021 წლებში უნდა მიიღოს საუკეთესო შეფასებები და ასე, ყოველი მომდევნო ორი წლის შემდეგ აიმაღლებს კლასს მე-6 კლასამდე. ხოლო, თუ 2030 წელშიც მიიღებს საუკეთესო შეფასებას, მიენიჭება მე-7 კლასი, თუ 2031 წელშიც მიიღებს საუკეთესო შეფასებას – მე-8 კლასი და ასე მე-12-კლასის ჩათვლით.

იმავე პრინციპით, თუ სამი წლის მანძილზე მოხელეს ზედიზედ აქვს კარგი შეფასებები, მიენიჭება პირველი კლასი, მომდევნო სამ წელში ასევე კარგი შეფასებებით მეორე კლასი და ასე შემდეგ მე-6 კლასის ჩათვლით. შემდეგ კი, ყოველ ორ წელიწადში კარგი შეფასებებით, მიენიჭება კლასი მე-7-დან მე-12-ს ჩათვლით.

საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული ექნება მოხელის კლასი, მიიღებს საკლასო დანამატს. მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი საჯარო მოხელეს მიეცემა თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] პროცენტული ოდენობით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მაგალითად, თუ საჯარო მოხელეს მინიჭებული აქვს პირველი კლასი და მისი თანამდებობრივი სარგო არის პირობითად 1000 ლარი, ის მიიღებს საკლასო დანამატს – 10 ლარს; თუ იმავე მოხელეს მინიჭებული აქვს მე-12 კლასი, ის საკლასო დანამატის სახით მიიღებს ყოველთვიურად 150 ლარს.

საჯარო სამსახურები ვალდებულნი არიან დაიწყონ და წლის ბოლომდე შეაფასონ საჯარო მოხელეები. შეფასება არ ეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაგალითად, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. ბუნებრივია, მათ არც კლასი მიენიჭებათ, ვინაიდან არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს განმარტებით, მიმდინარე წლიდან სსიპ-ის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, შეაფასონ მათ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, თუმცა მათ კლასებს ვერ მიანიჭებენ. ბიუროში აცხადებენ, რომ სსიპ-ებში დასაქმებულები საჯარო მოხელეებს მომავალი, 2019 წლიდან გაუთანაბრდებიან და მათზეც გავრცელდება შრომის ანაზღაურებისა და კლასების მინიჭების წესები.

რაც შეეხება აიპ-ებს, აქ დასაქმებულებიც არ არიან საჯარო მოხელეები, შესაბამისად, შეფასება, კლასის მინიჭება და საკლასო დანამატების გაცემის წესი მათზე არ ვრცელდება.

საკლასო ჩინები და მოხელის კლასები

მოხელეს, რომელსაც 2017 წლის პირველ ივლისამდე მინიჭებული ჰქონდა საჯარო მოხელის საკლასო ჩინი [მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა იგი საკლასო ჩინის დანამატს] და მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, მიეცემა საკლასო დანამატი უკვე 2018 წლის იანვრიდან.

მოხელეები, რომლებიც მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ საკლასო დანამატს [ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად]:

  • ყოფილი ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, რომელსაც მიენიჭა მე-12 კლასი;
  • პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
  • სახელმწიფო მრჩეველი –   მე-10 კლასი;
  • პირველი კლასის მრჩეველი –  მე-9 კლასი;
  • მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
  • მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
  • საჯარო სამსახურის  მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.
რა მეთოდით მოხდება მოხელის შეფასება? 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით:

  • მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.
  • საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეფასების მეთოდის განსაზღვრასთან ერთად, დაადგინოს შესაფასებელი დოკუმენტური მასალის შექმნის წესი.
  • გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. გასაუბრების საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა.
  • შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი აცნობებს მას მოხელეს, ასევე განუმარტავს შეფასების მეთოდს, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესს.
  • გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე.

საჯარო დაწესებულებამ შეფასების მეთოდი უნდა განსაზღვროს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

  • დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკურობა;
  • მოხელის იერარქიული რანგის ან/და თანამდებობის შინაარსის სპეციფიკურობა;
  • საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების დონისა და ორგანიზაციული კულტურის სპეციფიკურობა.

საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში. ამასთან, დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში.

მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

  • მოხელისათვის კლასის მინიჭება;
  • წახალისება;
  • პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა;
  • მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება განხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე გათავისუფლდება თანამდებობიდან.

ამავე თემაზე:

კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com