რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან.

აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი.

ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო კარგო, რომ იცოდე რა სასტიკ პირობებში არიან საწყალი ბავშვები ამ სკოლების გამო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც.

ყელშია უკვე თქვენი სკოლა.

თქვენი აზრით, რამეს ვსწავლობთ სკოლაში?

არა.

არაფერს.

მაგრამ როდესაც ბავშვები ამას ამბობენ, მშობლების/სხვების თავში ეს არ შედის. გვაიგნორებთ და იცით რაა? თქვენი ბრალიცაა, რაღაც მომენტში თქვენი შვილები რომ იტანჯებიან ამ სკოლებში.

სულ ფეხებზე არ გკიდიათ? მშობლებსაც და მასწავლებლებსაც…

მშობლებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რა ნიშნები მიიღეს მათმა შვილებმა, მაგრამ არავის ენაღვლება სინამდვილეში ნასწავლი რამდენად დარჩათ თავში.

მოსწავლეები მოვალეობის მოხდის გამო დადიან სკოლაში, მასწავლებლები კი სტატუსის და ფულის (even though they still don’t have money) (ნუ არიან გამონაკლისებიც. თქვენს თავზე თუ მიიღეთ და გაბრაზდით, გამოდის ერთ-ერთი მათგანი ხართ და აგეწვათ სიმართლეს რომ ვამბობ). მასწავლებლებს არ აინტერესებთ მოსწავლემ რამდენად გაიგო მიცემული მასალა ან რამდენად გაყვება ეს ცოდნა მომავალში. ზოგი ისე გადაგეკიდება, ისე უხარია თუ არ იცი გაკვეთილი, გეგონება ღმერთი გამოეცხადაო (ეგ შეუძლებელია)… (spoiler alert: it does not exist)..

ჩემი პირველი სკოლა იყო ამერიკაში. ეჰჰ, რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება. კარგი გარემო, მეგობრული მასწავლებლები და კლასელები, ბუფეტში გემრიელი საჭმელი,   დიდი ბიბლიოთეკა საბავშვო წიგნებით და არა ენციკლოპედიებით სავსე,  (სხვათა შორის, მილიონის ფარგლებშიც ვანგარიშობდი მაშინ). მიხაროდა სკოლაში სიარული და სწავლა. მაგრამ 2 წელი რომ გავიდა, რადგან ღმერთს არ ვუყვარვარ, ჩამომათრია საქართველოში და აი, როგორ დაიწყო ჩემი ცხოვრების საშინელი წლები.

სკოლა #2 იყო სასულიერო სკოლა… მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე, რადგან სასულიეროა  არ ნიშნავს იმას, რომ აქ ყველა კარგად მოგეპყრობა.

დამაკომპლექსა ამ სკოლამ და 8 წლის შემდეგაც ვერ მოვიცილე ეს კომპლექსი.

ამერიკაში უნდა გენახათ რა ბედნიერი ადამიანი ვიყავი: კეთილი, პოზიტიური, კომუნიკაბელური…

ჩამოვედი აქ და გავხდი მუდო, მორცხვი. აღარ შემეძლო ხალხთან ურთიერთობა/ლაპარაკი და დღემდე პრეზენტაციების დროს ან ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია და მე მარტო ვარ, ხელები მიკანკალებს და გული ნერვიულობისგან ამოვარდნას მაქვს.

იცით როგორი სკოლა იყო? ახლა შეიძლება შეიცვალა, მაგრამ ადრე სავსე იყო დეგენერატი კლასელებით და მისნაირი მასწავლებლებით.

მახსოვს ერთხელ ბიჭმა კედელზე თავი მიმარტყმევინა ძალით და დამრიგებელს ვუთხარი.

არაფერი გააკეთა.

იჯდა

და

არაფერს

აკეთებდა.

მეორე ბიჭმა ამაზრზენი რამ გააკეთა, რომელსაც არ აღვწერ, მაგრამ როდესაც მასწავლებელს ვუთხარი, ბიჭმა ტირილი დაიწყო და ყველამ მისი მხარე დაიჭირა. ჩავუშვი? არა, ეს თავდაცვა იყო. არ იტყვი, კიდევ დაგჩაგრავენ. არ იმოქმედებ, ცხოვრებას გაგიმწარებენ. მოგვიანებით შეიძლება მოგკლან კიდეც.

იცით რაა? თქვენი დედაც!

ბოლოს მამამ – ორი ლამაზი მუშტი გაქვს და გამოიყენეო. ხოდა გამოვიყენე ჩემი მუშტიც და ჩემი მძიმე ჩანთაც.

იმედია, დღემდე გტკივათ ის ადგილები, სადაც ის მძიმე ჩანთა გირტყით.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ბოლოს ვისაც თავი აღარ დავაჩაგვრინე და თავი დავიცავი, მათი მშობლები მოვიდნენ და დედაჩემს უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცეოდი.

მინდა კაბას ჩავიცვამ და ნაზ გოგოსავით მოვიქცევი, მინდა სკოლის გამო კაბა მეცმება, მაგრამ ბიჭებზე ძლიერი ვიქნები.

სკოლა #3.

შეგვიძლია გამოვტოვოთ ეს სკოლა.

რაღაც ნაკლი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი სკოლა იყო ჩემთვის, სადაც მართლა ოჯახივით ვიყავით.

ამ სკოლაში დირექტორი ცდილობდა ხალისით მოსულიყვნენ მისი მოსწავლეები. სპეციალურად აარსებდა „ღიმილის დღეს“, „საყვარელი სათამაშოს სკოლაში მიტანის დღეს“ და ა.შ. იმისათვის, რომ სკოლაში თავი ბედნიერად გვეგრძნო და არა გამოკეტილად. მე ამ სკოლის მადლიერი ვარ.

სკოლა #4

ვერ ვიტან. შეგიძლიათ გადაწვათ ეს სკოლა.

არ ვარგა

არც მასწავლებლები

არც მოსწავლეები (მეტნაკლებად, ყველაზე არაა საუბარი).

იცით სკოლა #3 მხოლოდ 6-კლასიანი იყო, ამიტომ მეშვიდეში მთელმა კლასმა გადავწყვიტეთ ერთად გადავსულიყავით სხვა სკოლაში,  რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა (მაინც დავკარგეთ ერთმანეთი, what a pity).

არ ვიცი რა მოხდა.

სკოლის ზეგავლენა იყო თუ რა, მაგრამ ყველა კლასელი შეიცვალა.

ახალი მოსწავლეებიც დაგვემატა (demons).

გაუგებრობა მოხდა.

დაბრალებები დაიწყო.

და ბოლოს მე და ერთი ჩემი კლასელი მოვცლდით ამ სკოლას, გადავედით სკოლა #5-ში…

სკოლა #5

ახლა რომ ვაკვირდები, მეექვსე სკოლაში გადასვლისას შეცდომა დავუშვი. თურმე ძველ სკოლაზე უარესი სკოლებიც არსებობდა.

გავაცნობიერე, რომ ამ სკოლაში ვიცოდით რა იყო მეგობრობა. შეიძლება ფარულად ერთმანეთის ატანაც არ გვქონდა, მაგრამ ტესტების და გასაჭირის დროს, მაინც ვეხმარებოდით ერთმანეთს.

მერვე კლასში მეტნაკლებად ნორმალური მასწავლებლები მყავდა, მაგრამ მეცხრეში ყველაფერი წყალში ჩაყარეს: ახალი მასწავლებლები, ახალი წესები, თავიდან შეგუება…

პირდაპირ რომ ვთქვა, ბევრი არაფერი მისწავლია ამ სკოლაში.

და მეგობარიც დავკარგე, რომელთან ერთადაც მოვდიოდი მე-3 სკოლიდან.

სამწუხაროა.

ახლა კი ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი სკოლა #6.

ღმერთო რა დავაშავე… რა გავაკეთე ისეთი, რომ ასეთი სკოლა დამემსახურებინა.

მეგობრობა არ იციან რა არის.

ათოსნობა ჰგონიათ ყველაფერი.

ამ დროს არაფერი იციან („ათოსანი“ ბიოლოგიის მასწავლებელს რომ ჰკითხავ, სტეროიდებს და ასტეროიდებს შორის რა განსხვავებააო…..)

მე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არაფერი უსწავლია სკოლაში და მხოლოდ ინტერნეტის და წიგნების დახმარებით ვიცი რაც ვიცი, უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ამ „ათოსნებმა“.

და ძალიან მეცინება…

კლასი გაყოფილია ბიჭები გოგოების წინააღმდეგ, მე და ჩემი მეგობარი კი შუაში ვართ გაჩხერილები.

გოგოებსაც და ბიჭებსაც თავში აქვთ ავარდნილი.

გოგოებს ის, რომ ვითომ „ათოსნები“ არიან.

ბიჭებს კი ის, რომ 15-16 წლის ასაკში „კაცობენ“.

ამაზრზენი სიტუაციაა.

მასწავლებლები?

ოჰჰ, არც კი მინდა მათზე ლაპარაკი. ოღონდაც 45 წუთი გავიდეს და კლასიდან მირბიან ჩვენსავით.

არავის უნდა აქ ყოფნა

არც მასწავლებლებს

არც მოსწავლეებს

თქვენი აზრით, მიხარია მე სკოლაში სიარული? თან ხვალ ორშაბათია…

მოსწავლეებს ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, რომ ცოტათი მაინც მოუნდეთ სკოლაში მოსვლა და არა სახლიდან გაპარვა და სკოლაში არ მისვლა, რომ ამ ხალხის სახეები არ ნახოს.

არავის ესმის ჩვენი გასაჭირი

არავის უნდა რომ გაიგონოს

მარტო იტანჯებიან

ტირიან

და ელოდებიან, როდის დაეხმარებიან და მოუსმენენ მათ.

მაგრამ ეს არ ხდება.

გგონიათ, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია…

ბლა ბლა ბლა

მაგრამ დამიჯერეთ, საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

სამი ბავშვი მოკლეს თანატოლებმა… არავინ იცის რა მოხდა რეალურად, ვინ წააქეზა? რა განწყობა და პირობები შეუქმნეს? რატომ გახდნენ ასეთი ბოროტები? ვიფიქროთ?.. არ უნდა ამას ფიქრი. მეტი ყურადღების მიქცევა უნდა. მაშინ შეიძლება უკეთ მოვიქცეთ? არ ვიცი…

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.