ბსუ-ს ოთხ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები უკონკურენტოდ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები მიმდინარეობს. დეკანს უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტზე უკონკურენტოდ ირჩევენ, რადგან ოთხივე ფაკულტეტზე მხოლოდ თითო კანდიდატია დარეგისტრირებული: განათლების ფაკულტეტზე – მადონა მიქელაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – მარინა ქორიძე, ფიზიკა – მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გულადი ფარტენაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე – მარინა გიორგაძე. ოთხივე მათგანი მოქმედი დეკანია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხივეს ბსუ – ში აღნიშნულ ფაკულტეტებზე დეკანის პოზიცია ეკავა.

არჩევნები დილის 10 საათიდან დაიწყო და ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემა საღამოს 17:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება კი შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრებს აქვთ, რომლის შემადგენლობაში აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც არიან.

ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლება 92 ამომრჩეველს, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე – 76-ს, განათლებისა ფაკულტეტზე – 24-ს, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე კი 36 ამომრჩეველს აქვს.

„არჩევნებში მონაწილე სიითი შემადგენლობის უმრავლესობა უნდა გამოცხდდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, რომ არჩევნები შედგეს, ხმის მიცემა ხუთ საათზე დასრულდება, ექვს საათზე გვეცოდინება, ვინ გახდება დეკანი,“ – ამბობს გიორგი დიასამიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი