ახალი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის;  ახალი საინვესტიციო პროექტები 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტებია:

  •  შპს „ნიუ გოდერძი“ – 4 მილიონი ლარი ინვესტიცია, 100- ნომრიანი სასტუმრო;
  • შპს „გთემ გროუპი“- 4,5 მილიონი ლარი ინვესტიცია, ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება;
  • შპს „ARINA’S PLACE” -1,2 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია, 15 კოტეჯი (ჯამში 32-ნომრიანი);
  • შპს „ნიუ თაიმ“ – 1,5 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია, 90- ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი.

„კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

„ბათუმელებს“ კომპანია „გოდერძი რიზორტსში“ უთხრეს, რომ ახალი პროექტების განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„ამ დროისათვის ფაქტობრივად დაჯავშნულია საახალწლო პერიოდი და გვაქვს ჯავშნები იანვარ-თებერვალშიც. ჯავშანს ვიღებთ „ბუკინგის“ საშუალებით, ასევე სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის შუამავლობით და ინდივუდუალურადაც. კოტეჯში განთავსების ფასია 100 ლარი, ხოლო ოთხადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში – 150 ლარი,“ – ამბობს „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ჭურკვეიძე.

კურორტ „გოდერძის“ სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი – ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მთავარი ფოტო: სეზონის გახსნა კურორტ „გოდერძიზე“ / ფოტო: აჭარის მთავრობა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი