კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ბათომის“ თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს – „პასუხისგებაში ხართ მისაცემი“

07.12.2017 • 4439
„ბათომის“ თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს – „პასუხისგებაში ხართ მისაცემი“

„…რატომ გაიგულავა ყველამ ამ ქალაქზე? – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – მიმართა ზონალური საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ბათომისთავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა დღეს ზონალური საბჭოს სხდომაზე, მაშინ, როცა საბჭომ განსახილველად ლუკა ასათიანის ქუჩაზე ისტორიული ერთსართულიანი სახლის ნაცვლად ახლის მშენებლობის პროექტი გამოიტანა.

სხდომას მერიიდან ზონალური საბჭოს ორი წევრი – მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე ესწრებოდნენ. ორივე მათგანმა ნინო ინაიშვილის მიმართვა უპასუხოდ დატოვა.

ერთსართულიანი ისტორიული სახლის გვერდით ლუკა ასათიანის #8-ში კერძო პირი ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ავტორმა ზონალური საბჭოს წევრებს სხდომაზე აუხსნა სიმაღლის გამოთვლის პირობაც: „გვერდით მდებარე სახლს გავუთანაბრე.“

ლუკა ასათიანის #6-ში რვასართულიანი სახლი დგას.

საბჭომ განიხილა ასევე გოგებაშვილის #32-ში შენობის რეკონსტრუქციის საკითხი. ცვლილების პროექტი შიდა ეზოდან სიმაღლის მომატებას გულისხმობს ისე, რომ არ იცვლება კ-2 კოეფიციენტი. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ შეიძლება ეს ცუდად აისახოს ფასადზე წინა მხრიდან.

გოგებაშვილის #32

გოგებაშვილის #34 ეზოს მხარე

ბათუმში, გორგასლის  80-82-ში ერთსართულიანი ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს ასევე ახალი მრავალბინიანი სახლის აშენებას შპს „ჯეობილდინდ +“.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში კომპანია მიუთითებს, რომ ამ სახლის მშენებლობაზე  ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა 2008 წლამდე და მისი პირველი სტადია ზონალურმა საბჭომაც შეითანხმა. შემდეგ კი ცნობილი მოვლენების გამო [გულისხმობს რუსეთ-საქართველოს ომს] პროექტი შეჩერდა. 2017 წლის ზაფხულში კი, კომპანიას აჭარის მთავრობისთვის უთხოვია ჩართვა სამთავრობო პროგრამაში – „ქალაქი ბარაკების გარეშე“.

კომპანიას აჭარის მთავრობისგან პროგრამაში ჩართვაზეც მიუღია თანხმობა და კ-2 კოეფიციენტის 8.5-მდე გაზრდაზეც. ამ მონაცემების შესაბამისად, დაგეგმილია 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ირაკლი დვალიშვილია.

გორგასლის ქუჩაზე კიდევ ერთი უკვე აშენებულ მრავალბინიან სახლზე ცვლილების პროექტი განიხილეს, ცვლილება ამ სახლის პროექტის ავტორმა გია გაბაშვილმა წარმოადგინა. მან ზონალური საბჭოს წევრებს აუხსნა, რომ ცვლილება ეხება ერთ კონკრეტულ ბინას და პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებას არ გულისხმობს. მან თქვა, რომ ბინა ასლან აბაშიძის შვილს გიორგი აბაშიძეს ეკუთვნის და  დაკვეთაც მისგან მიიღო:

„აპირებს რომ ჩამოვიდეს ბათუმში და იცხოვროს. არ გაგიკვირდათ, ალბათ, რატომ დამიკვეთა მე“, – უთხრა „ბათომის“ წევრებს.

„… ეს თქვენი პროექტებია? თქვენ უტირეთ დედა ამ ქუჩას?“ – უპასუხა მას რეპლიკითვე ნინო ინაიშვილმა. შემდეგ კი ზონალურ საბჭოში მიმდინარე პროცესი შეადარა ბანანის რესპუბლიკას, სადაც ქაოსია: „პასუხისგებაში ხართ მისაცემი სულ ყველა“.

ძველის დანგრევის სანაცვლოდ ახლის მშენებლობას გეგმავენ პუშკინისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაშიც.

დრეს ზონალურმა საბჭომ თერთმეტი საკითხი განიხილა:

1.       ქ. ბათუმი, ნ. ბარათაშვილის ქ. 26 – პროექტში ცვლილება

2.       ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N16 – პროექტში ცვლილება

3.       ქ. ბათუმი, 26 მაისი ქუჩა N23 – რეკონსტრუქცია

4.       ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ.№75/ ა.პუშკინის ქ.№92 – რეკონსტრუქცია

5.       ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N76-78 –  ცვლილება

6.       ქ. ბათუმი, ალ. პუშკინის ქ. N112 –

7.       ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N 8 – ახალი პროექტი

8.       ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N 24 – გუმბათზე საჩრდილობლის მოწყობა

9.       ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება – მშენებლობა

10.   ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N80-82 – ახალი პროექტი

11.   ქ. ბათუმი,  გოგებაშვილის  ქ. N32 – ახალი პროექტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: