მთავარი,სიახლეები

ჩხავერს ქედის საწარმო სავარაუდოდ 4 ლარად ჩაიბარებს

03.11.2017 • 4434
ჩხავერს ქედის საწარმო სავარაუდოდ 4 ლარად ჩაიბარებს

ქედის ღვინის საწარმო ჩხავერის მიღებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. საწარმოს მენეჯერისა და მთავარი მეღვინის, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, 1 კილოგრამი ჩხავერის ჩაბარების ფასი ოთხი ლარი იქნება.

„ჩხავერის ჩაბარების ფასი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა საუბარია, რომ შესასყიდი ფასი 4 ლარი იქნება. საწარმოში ადგილზე შემოვიტანეთ სპეციალური ყუთები, რომელიც ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ და ყუთებით გადმოიტანონ ყურძენი საწარმოში“ – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ზურაბ გათენაძე

ქედაში წელს  ჩხავერის განსაკუთრებით კარგ მოსავალს ელოდებიან, მთავარი მეღვინე კი საწარმოს მხრიდან ყურძენს სრული ოდენობით მიიღებს აანონსებს.

„ჩხავერს იმ ოდენობით მივიღებთ, რამდენიც შემოვა, იქედან გამომდინარე, რომ ჩხავერი ძირითადად ქედაში მოდის და საღვინე ჯიშის ყურძნებიდან ყველაზე საუკეთესოა და მოთხოვნადია, ქედიდან ჩხავერი „ხარებას“, „თელიანს“ და სხვა ცნობილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს გააქვს. წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია, სავარაუდოდ 120 ტონამდე იქნება, მაგრამ საწარმოში ვფიქრობ 60-80 ტონამდე ჩხავერი შემოვა. გარდა იმისა, რომ კომპანიები იბარებენ ჩხავერს, მოსახლეობის ნაწილი  ღვინოს თვითონ აყენებს და ოჯახში დამზადებულ ღვინოს ჰყიდის“ – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ჩხავერისგან დამზადებული ღვინის ფასი განსხვავებულია, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, ქედის ღვინის საწარმოში დამზადებული 1 ლიტრა ჩხავერის ღვინო ცხრა ლარი ღირს, ხოლო ოჯახში დამზადებული ღვინო კი გაცილებით ძვირად იყიდება.

„ოჯახში დამზადებული ჩხავერის ღვინო 15-19 ლარად იყიდება, საოჯახო ტიპის მარანში კი გაცილებით ძვირია, 25-29 ლარი. 1 ლიტრა ჩხავერის სუფთა ღვინო რომ დამზადდეს, ორ კილოგრამამდე ყურძენია საჭირო, რაც შეეხება შაქრიანობას, კარგი ღვინო რომ დამზადდეს, 21 გრადუსი უნდა იყოს ყურძენში შაქრიანობის დონე, ამ დროისთვის კი შაქრიანობა 17-19 გრადუსამდე აღწევს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: