მთიანი აჭარა

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

11.04.2015 • 2575
156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

„როცა დაზამთარდება, პარკებს ვაკრავ ფანჯრებზე, რომ ძალიან არ ციოდეს, უკვე გაიხა. აი, ასე ღია იქნება დაზამთრებამდე, ვიდრე ყინვები არ მოგვისწრებს… იატაკი ნახეთ“, – მეუბნება დიასახლისი და  სამზარეულოში მორყეულ იატაკზე დაფენილ ძველ ხალიჩებს იღებს, ხალიჩებს ქვეშ ღრიჭოები და დამპალი ფიცრები მოჩანს. „იატაკს ნათესავებისა და მეზობლების ნაჩუქარი ძველი ხალიჩებით ასე ვმალავ“, – ამბობს თინა. ამ იატაკზე გავლა საშიშია.

 

სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფო შემწეობა – 156 ლარია. ამ თანხით ყიდულობენ პურის ფქვილს, შაქარს, ბრინჯს, მაკარონს, მარილს და თუ რამე მორჩა, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს – ციტრამონს, ანალგინსა და წნევის წამალს.

 

„ასე გაგვაქვს თავი. უნდა იკმარო 156 ლარი. როცა სხვა გზა არ გაქვს, იმას შეჭამ, რაც გექნება – რძე, მაწონი, ხორცი ჩვენთვის ვარსკვლავზე უფრო შორსაა. ავად ვარ მეც და ავადაა ჩემი ქმარიც, მე ფეხები მტკივა, მესაჭიროება მკურნალობა, თუმცა წამლები ძვირი ღირს და ვერ ვმკურნალობ, ქმარს კი ყურების პრობლემა აქვს, რამდენი წელია ჩირქი სდის და ვერც ის მკურნალობს, ამის საშუალება არ გვაქვს“, – ამბობს თინა.

 

თინა სამნიძე

 

სამნიძეების ფიცრულს ორი საძინებელი, მისაღები ოთახი და სამზარეულო აქვს. სამზარეულოში დგას საბჭოთა წარმოების გაზქურა და მაცივარი. გაზქურა არ მუშაობს, მაცივარი – ცარიელია, ამიტომ ის გამორთული აქვთ. 

 

„რასაც ხედავთ, ესაა – ტელევიზორი, საწოლები, ძველი კარადა და სკამები. ესეც არაფერია, სახლი რომ იყოს ნორმალურ მდგომარეობაში… იქნებ, თქვენ მიიტანოთ ჩვენი ამბავი ხელისუფლებამდე. მეზობლებმა კი იციან, მაგრამ ვერავინ დამეხმარა დღემდე. მინისტრებს კი ვეტყოდი ჩემს გასაჭირს, მაგრამ მათ ჩამოსვლას მე ვინ გამაგებინებს“, – ამბობს თინა.

 

გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც სამნიძეების სახლზე გასულ წელს არის შედგენილი, წერია, რომ სახლს დეფორმაცია სიძველით აქვს მიღებული, დასკვნაში აგრეთვე მითითებულია, რომ სახლის ხის საყრდენმა სვეტებმა შესაძლოა ვერ გაუძლოს თოვლის საფარის სიმძიმეს, ამიტომ შენობა უნდა გამაგრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა“.

 

ამ დასკვნის დაწერიდან ერთი წელი უკვე გავიდა, სახლი კი დღემდე არ გაუმაგრებიათ. ამ ქოხმა ზამთარს წელსაც გაუძლო. სამნიძეები ისევ სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში მომავლის იმედით იცხოვრებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: