კვირის ამბები

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

14.11.2015 • • 4075
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

 

 

ფსიქიატრის აზრით, საზოგადოება ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს დეპრესია:     “საზოგადოება ხშირ შემთხვევაში ვერ ასხვავებს დეპრესიას დარდისგან,  რომელიც  სინამდვილეში ნორმალური ცხოვრებისეული ემოციაა და როცა კი მისი გამომწვევი გარემო ფაქტორი გაივლის, დარდიც გაჰყვება. დეპრესია კი არის სერიოზული სამედიცინო დაავადება,  რმელის დროსაც  რამდენიმე სიმპტომი  ერთი და იმავე დროს ჩნდება და  გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს   და ართულებს ადამიანის ჩვეულ ფუნქციონირებას, ამ  შემთქვევაში აუცილებელია პროფესიონალური მკურნალობა.“

 

საქართველოში ფსიქიკურ აშლილობის გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.  ოფიციალურად აღრიცხვაზეა დაახლოებით 80 000 – მდე სხვადასხვა  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი, მაგრამ თუ რამდენი ადამიანი იტანჯება დეპრესიით არ არის ცნობილი.

 

ექიმის განმარტებით,  დეპრესიული ეპიზოდის მახასიათებელი ნიშნები განსხვებულია  და მათი დაყოფა სხვადასხვაგვარადაა  შესაძლებელი.   არსებობს მსუბუქი, საშუალო სიმძმის და მძიმე დეპრესიული ეპიზოდი.   მაგალითად ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებ-განწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, – როცა ადამიანს აღარ სიამოვნებს ის საქმიანობა, რაც აქამდე მისთვის მნიშვნელოვანი იყო და პოზიტიურ ემოციებს უკავშირდებოდა, ასევე ენერგიის დაქვეითება და აქტივობების  შემცირება  ანუ იმას, რასაც აქამდე ყოველდღიურად, მარტივად აკეთებდა ადამიანი (სამსახურში ან სასეირნოდ გასვლა, სადილის მომზადება და ა.შ.) ახლა ვეღარ აკეთებს ან საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას.  

 

გარდა ამისა, დეპრესიის დამატებითი ნიშნებია: ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, თვითრწმენის  და თვითშეფასების დაქვეითება, თავით ბრალდებისა და თვითდამცირების იდეები,  პესიმისტური ფიქრები, თვითდაზიანების იდეები – ფიქრი თვითმკვლელობაზე , ძილის დარღვევა და მადის დაქვეითება ან ზოგჯერ მომატება.

 

არ არსებობს ღრმა დეპრესიის გამომწვევი მხოლოდ ერთი მიზეზი. ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორებს გარკვეული წვლილი მიუძღვით მის განვითარებაში.

 

რა აფერხებს დეპრესიის ეფექტურ მკურნალობას? – მანანა შარაშიძე ამბობს, რომ უმეტესად ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება მათ თავს, რადგან არ არიან ინფორმირებულნი დეპრესიის ნიშნების შესახებ და ხშირად ვერც სპეციალისტს ირჩევენ სწორად – „ფსიქიატრთან მკურნალობასთან დაკავშირებული სტიგმით გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად სრგებლობენ   სხვადსხვა არასპეციალისტები:  არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მომიჯნავე სპეციალობის  მქონე ექიმები, პაციენტების მიზიდვისას ისინი წარმატებით  უწევენ კონკურენციას ფსიქიატრებს, რომლებთანაც მკურნალობა „სასირცხვილოა“ – ამბობს ის.

 

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია განკურნებადია, ჯანმოს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დეპრესიის მქონე ადამიანთაგან მხოლოდ ნახევარი თუ ახერხებს ეფექტური მკურნალობის მიღებას. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია (10%-ზე ნაკლები). ჯანმოსვე ცნობით, ამის მიზეზი რესურსების სიმცირე, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული სოციალური სტიგმაა. ასევე, მნიშვნელოვანი ბარიერია დეპრესიის არაზუსტი დიაგნოსტიკაც. ჯანმოს ცნობით, მაღალი თუ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ადამიანები რომელთაც დეპრესია აქვთ, ხშირად არ არიან სათანადოდ დიაგნოსტირებული, მაშინ, როცა სხვა ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ასეთი პრობლემა, ზოგჯერ არასწორად უსვამენ დიაგნოზს და ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ.

 

მანანა შარაშიძის თქმით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოშიც არსებობს, ოღონდ ეს ფსიქიატრიის გარდა, სხვა სფეროებზეც ვრცელდება და ამის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული  დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დაბალი ხარისხია:  “ექიმის ცოდნა ძველდება ყოველ 5 წელიწადში და საჭირო ხდება მისი განახლება სხვადასხვა ტრენინგებით,  კონფერენციებითა და სასერტიფიკაციო გამოცდის  ჩაბარებით. ეს სისტემა ჩვენთან არ არის განვითარებული“ –     ამბობს ის.  

 

დიაგნოსტიკის თავისებურებები: დეპრესიის დიაგნოზის დასმისას  აუცილებელია გამოირიცხოს სხვადასხვა სომატური დაავადებები, რადგან დეპრესიული ეპიზოდები შესაძლოა ზოგიერთმი დაავადებითაც იყოს გამოწვეული – „ეს დაავადებებია: პანკრეასის სიმსივნე,  შიდსი, ღვიძლის ციროზი, პარკინსონის დაავადება, ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერთირეოიდიზმი, კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ავიტამინოზები,  ჰანტინგტონის ქორეა, ინსულტი, ტვინის სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი და მრავალი სხვა.“   – ამბობს ფსიქიატრი.

 

მანანა შარაშიძე ამბობს, რომ სოციალური სტიგმა განსაკუთრებით ამძიმებს სიტუაციას მამაკაცების დეპრესიის დიაგნოსტირებისას, რადგან გარდა “გიჟის” იარლიყის მიკერებისა, ისინი დეპრესიას სისუსტედ მიიჩნევენ და ხშირად საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ დახმარება სჭირდებათ. “მამაკაცებს ისეთი სოციალური როლი აქვთ მოხვეული, რომ საკუთარ თავთანაც კი უჭირთ ამის აღიარება. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია კავკასიაში. მიაჩნიათ, რომ დეპრესია ქალების დაავადებაა და მამაკაცს არ ეკადრება.”

 

მკურნალობა –  მძიმე  დეპრესიით დიაგნოსტირებული ადამიანებიდან 80-დან 90 პროცენტის ეფექტური განკურნება შესაძლებელია. ექიმის განმარტებით არსებობს სამი დადგენილი ტიპი დეპრესიის მკურნალობისა:   მედიკამენტოზური, ფსიქოთერაპიული და ელექტროშოკური თერაპია.  საქართველოში ელექტროშოკური თერაპია არ ტარდება. ყველაზე ეფექტურად  ფსიქოთრეაპიისა  და მედიკამენტური მკუნალობის ერთდროული გამოყენება მიიჩნევა. მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე და ფსიქოთრეაპიის ჩატარების შესაძლებლობაზე.

 

საქართველოში დეპრესიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა ფინანსდება  ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლმწიფო პროგრამიდან, მაგრამ მედიკამენტების  შეძენა   სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის  სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ კანონის  მიხედვით, ტენდერის მეშვეობით ხდება, რომლის დროსაც მთავარი კრიტერიუმი, შესაძენი პროდუქტის დაბალი ფასია და არა მისი ხარისხი. “ამიტომ ფსიქოტროპული წამლები არ არის შესაბამისი ხარისხის. არ მიმაჩნია, რომ  ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში აუცილებელია  ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, მაგრამ დაბალი ფასი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი წამლის შეძენისას, რაღაც ოქროს შუალედი უნდა გამოიძებნოს,” – ამბობს მანანა შარაშიძე.

 

არსებობს სხვადასხვა სახის ანტიდეპრესანტები, ექიმის განმარტებით მათი უმეტესობა, გარკვეული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება (მაგალითად: შეკრულობა, პირის სიმშრალე, წონის მატება და ა.შ.), ამ დროს სწორად უნდა შეფასდეს რა უფრო დიდია – მედიკამენტებით მიღებული სარგებელი თუ წამლებით გამოწვეული დისკომფორტი.

ანტიდეპრესანტები არ იწვევენ  დამოკიდებულობას – “მიჩვევას იწვევს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორად არ იქნა დანიშნული და არა ანტიდეპრესანტები, როგორც ეს ბევრს ჰგონია,” – ამბობს ფსიქიატრი.

 

რეკომენდაციები – სპეციალისტების აზრით, დეპრესიის დროს ექიმთან მიმართვიანობის პრობლემა   საზოგადოების განთლების ამაღლებს გზით უნდა მოგვარდეს.  ასევე მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმების ინსტიტუტის გაძლიერება.  მანანა შარაშიძის თქმით,  ოჯახის ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც უნდა სწავლობდნენ ფსიქიატრიას, რათა საჭიროების შემთხვევაში შესძლონ დეპრესიის  და სხვა ფსიქიკური აშლილობის ამოცნობა და პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან დროულად  გადამისამართება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: