კვირის ამბები

პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ

18.06.2015 • 1851
პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ

 

ფოტო აღებულია ემზარ პაქსაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო აღებულია ემზარ პაქსაძის ფეისბუქ გვერდიდან

არაერთი კრიტიკა მოგვისმენია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს შესახებ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ განცხადების ავტორებს ისევ და ისევ სამართალდაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოება წარმოადგენს. თითქოს მათი განცხადებები მიმართულია კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს  სამართალდამცავ სისტემაში ჩართულ ყველა პირს და ყველა კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, ასევე უნდობლობის სინდრომს ქმნის საზოგადოებაში და ასუსტებს სახელმწიფოებრიობის შეგნებას.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განცხადებების უმეტესობა არაკოლეგიალურია და ცალსახად აკრიტიკებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მიდგომა ასეთია – ამ ინსტიტუტმა ვერ გაამართლა, რაც არასწორია, რადგან როგორც ყველაფერს, ამ ინსტიტუტსაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა გათვალისწინებულიყო ის გარემოება, რაც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. კერძოდ ის, რომ საზოგადოება სამართალდამცავებთან ურთიერთობას განიხლივას დაბალი მართლშეგნებით – პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წაიყვანეს თუნდაც დასაკითხად, ან პირი, ვის მიმართაც მიღებული იქნა ბრალდების შესახებ დადგენილება, საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც დამნაშავე.

 

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უდიდეს როლს ასრულებს მედია, რომელიც ბრალდებულს უკვე დამნაშავედ აცხადებს. ეს არ არის მარტო სიტყვებს შორის განსხვავების ვერ დანახვა, ეს პირდაპირ მეტყველებს საზოგადეობაში დამკვიდრებულ მენტალიტეტზე, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებში მოხვედირილი პირი უკვე დამნაშავეა.

 

ასევე საზოგადოებას ახასიათებს მეორე უკიდურესობაც – თვითმხილველი მოწმეები ხშირად თავს იკავებენ სამართალდამცავებთან თანამშრომლობისგან, ვიდრე უშუალოდ მათ არ შეეხებათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წლების წინ საზოგადოებაში „გამეფებული ქურდული მენტალიტეტით, სადაც სასამართლომდე საქმის მიტანა სამარცხვინოდ ითვლებოდა და ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები წყვეტდნენ დავებს. გამომდინარე აქედან, გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა ამ ინსტიტუტის შემოღება და ფუნქციონირება საქართველოში, თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ვერ გაამართლა, არასწორია, რადგან საგრძნობლად გაზარდა სამოქალაქო ჩართულობა სამართალგამოყენების პროცესში. ამ საკანონმდებლო რეგულაციის გამოყენება ასევე საკმაოდ მნიშნვნელოვანია მდგრადობის კუთხით, საზოგადოების ჩართულობის გამო.

 

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კრიტიკა არ უნდა იყოს შეურაცხყოფის მიყენება კოლეგიალური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. საინტერესოა საერთაშორისო მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადებები შეიძლება მიმართული იყოს მოსამართლის, პროკურორის, მეორე მხარის ადვოკატის, მოწმის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის მიმართ და ამით ჩრდილს აყენებდეს მათ რეპუტაციას. ვინაიდან ეს უკანასკნელი პირადი ცხოვრების შემადგენელ ასპექტად მოიაზრება. მსგავს შემთხვევებში, გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასთან მოდის კონფლიქტში.

ხშირად, ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების საპირისპიროდ, შეიძლება არსებობდეს სხვა ლეგიტიმური მიზანი, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობი დაცვის ინტერესი. მაგალითად, საქმეები, რომლებშიც ადვოკატი აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, სამართალწარმოების სამართლიანობას და ა.შ. ამას გარდა, მაშინაც, როდესაც ადვოკატის განცხადებებ უშუალოდ სასამართლოს ან მოსამართლის წინააღმდეგ არ არის მიმართული, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნების ინტერესი შეიძლება კავშირში იყოს.

 

თავისი შეხედულებების გამოსახატავად დაინტერესებული პირი ფორუმად იყენებს არა სასამართლო დარბაზს, არამედ გაზეთის ფურცლებს, ან მართავს პრესკონფერენციას. ყოველთვის, როდესაც ჯერარაღძრული, მიმდინარე, თუ დამთავრებული საქმეს განიხილავენ სასამართლოს გარეთ, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლო ამოწმებს, ხომ არ მოხდა სასამართლოს ფუნქციის უზურპაცი ან შეთავსება მედიის მიერ. მედია შეიძლება წარმოჩნდეს ალტერნატიული მართლმსაჯულების ფორუმად და, შესაბამისად, შელახოს სასამართლოს ავტორიტეტი. მედიის მიერ სასამართლოს ფუნქციების მიტაცებას შეიძლება თვით ამ პირმაც შეუწყოს ხელი, როცა ჟურნალისტი კი არ იმეორებს მის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ განცხადებებს, არამედ, პირი იძლევა ინტერვიუს, ან აქვეყნებს სტატიას და ა.შ.

 

ცხადია, მედია, როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი და აქტუალურ საკითხებზე საჯარო დებატების ინიციატორი და წარმმართველი, ინარჩუნებს უფლებას, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამა თუ იმ სასამართლო პროცესს და წაახალისოს მსჯელობა საკითხზე, რომელიც სასამართლო განხილვის საგანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფსევდო სასამართლო განხილვა, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დადგენა და სასამართლოს ფუნქციის მედიისთვის გადაცემა. პროცესის უშუალო მონაწილე პირს, ჟურნალისტთან შედარებით, თავისი პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დასაცავად.

 

რთულია იმ ზღვარის დადგენა, თუ რა დოზით შეიძლება საინფორმაციო საშაულებების ფორუმად გამოყენება ამა თუ იმ საქმეზე მსჯელობისას. ეს უნდა შეფასდეს მთლიანად ტელე-თუ რადიოგადაცემის, მისი შინაარსის, სტილის კონტექსტში. სად დაიბეჭდა ინტერვიუ – რესპექტაბელურ გაზეთში თუ ყვითელ პრესაში, რომლის მიზანი მხოლოდ სკანდალების აგორება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულ გაზეთში, რომელიც ითვლება, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ტრიბუნაა და მიკერძოებულია. ყველა ეს და სხვა დანარჩენი ასპექტი ერთად უნდა შეიკრიბოს და ერთიანობაში შეფასდეს.

 

თუ რომელ ინტერესს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, ამასთან დაკავშირებით მზა ფორმულა არ არსებობს. ზემოთჩამოთვლილ უფლება-ინტერესებს შორის იერარქია დადგენილი არ არის და უპირატესობა მათ შორის გადაწყდება თითოეულ საქმეზე კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით.

 

უფლება-ინტერესებს შორის სამართლიანი წონასწორობის დასამყარებლად ერთ-ერთ პინაზე დადებული ინტერესი უნდა შეიზღუდოს. იმისთვის, რომ უშუალოდ მონაწილე პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა/მასში ჩარევა მართლზომიერი იყოს, უნდა დაკმაყოფილდეს სამი პირობა:

 

ა) საამისოდ უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომი, ცხადი და წინასწარ განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვას/ჩარევას;

ბ) ჩარევას/შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან; და

გ) გამოყენებული შეზღუდვა უნდა იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“  დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი იურისპრუდენცია შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოდგეს ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერების გადასაწყვეტად. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ორმაგი სტანდარტი ახასიათებს.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის ადვოკატები მოუწოდებენ სამართალგამოყენების პროცესში აქტირ მონაწილე პირებს, თავი შეიკავონ არაჯანსაღი კრიტიკისგან და გამოხატვის თავისუფლება მოაქციონ საკანონმდებლო ჩარჩოებში, რითაც ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში სამართლებრივი ინსტიტუტების როლის წარმოჩენას და გამყარებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: